Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარაკეტო იერიშის პასუხად ისრაელმა "ჰამასის" პოზიციები დაბომბა


კვამლი ღაზის სექტორის იმ რაიონში, რომელიც ისრაელის ავიაციამ დაბომბა
კვამლი ღაზის სექტორის იმ რაიონში, რომელიც ისრაელის ავიაციამ დაბომბა

ისრაელის არმიის თვითმფრინავებმა ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ ობიექტები დაბომბეს ღაზის სექტორსა და ლიბანის სამხრეთში. ისრაელის არმიის ინფორმაციით, განადგურებულია სამიზნეები, მათ შორის გვირაბები და ობიექტები, სადაც „ჰამასი“ იარაღს აწარმოებს.

საჰაერო დარტყმები იყო პასუხი ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთზე 6 აპრილს განხორციელებულ სარაკეტო შეტევაზე. ისრაელის არმიის ინფორმაციით, 34 რაკეტიდან 25 საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაიჭრა 2 ადამიანი.

ისრაელი თავდასხმის ორგანიზატორად „ჰამასს“ მიიჩნევს. არმიის სარდლობაში არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმასთან კავშირი ჰქონდა „ისლამურ ჯიჰადსაც“ და ინფორმირებული იყო ლიბანში მოქმედი დაჯგუფება „ჰესბოლაც“. ისრაელზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მორიგი ესკალაცია ამ კვირაში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ისრაელის საპოლიციო ძალებსა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა იერუსალიმში, ტაძრის მთაზე მდებარე ალ-აქსის მეჩეთის ტერიტორიაზე. მეჩეთი მუსლიმთათვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია და იქ რამადანის დროს ათასობით მორწმუნე ლოცულობს. ტაძრის მთა წმინდა ადგილია ებრაელებისთვისაც. ამ ტერიტორიას ორივე მხარე თავის საკუთრებად მიიჩნევს.

5 აპრილს, ლოცვის შემდეგ, პალესტინელებმა მეჩეთში ბარიკადები მოაწყვეს და ტერიტორიის დატოვებაზე უარი თქვეს იმ მოტივით, რომ ებრაელები ტაძრის მთაზე აპირებდნენ პასექის დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალის შესრულებას. ისრაელის პოლიციამ პალესტინელებს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინა და 350-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

XS
SM
MD
LG