Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს - მოსამართლე შენგელია


მოსამართლე ირაკლი შენგელია
მოსამართლე ირაკლი შენგელია

მოსამართლე ირაკლი შენგელია, რომელიც იმ პირთა შორის მოხვდა, ვისაც აშშ-მა სანქციები დაუწესა, წერს, რომ მას და მის ოჯახს შეერთებულ შტატებში გამგზავრების სურვილი აღარ აქვთ, რადგან "გამრუდებული და დაკნინებულია" ყველა ის ღირებულება, რაზეც იდგა ამ ქვეყნის იდეოლოგია. ამის შესახებ მოსამართლე ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს განცხადებას.

"დღევანდელ მოცემულობაში, ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითაც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად ნიველირებულია, აღარ არსებობს...

პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ "ლინჩის წესით გასამართლების" ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი "ღირებულებები" ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება", - წერს ის.

ირაკლი შენგელია ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის "უპრეცედენტო გადაწყვეტილება" ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. მისი თქმით, შესაბამისი განმარტებები ვერც სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ვერც ელჩ დეგნანისგან ვერ მოისმინა, "გარდა ზოგადი მითითებისა, რომ არსებობს რაღაც "სანდო ინფორმაცია".

შენგელია იქვე ამატებს, რომ მის წინააღმდეგ ასეთი მტკიცებულებები "ბუნებაში ვერც იარსებებს", რადგან "კორუფციის ფაქტები არ არსებობს".

მისივე მტკიცებით, არავითარი ზეწოლა, უკანონო მანიპულაცია არასდროს არ განხორციელებულა სხვა მოსამართლეებზე, არც მისი და არც არავის მხრიდან.

"ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ სახეზეა აპრობირებული სქემა, რომელმაც კარგად იმუშავა, მაგალითად, უკრაინაში, ალბანეთში, სადაც, "რეფორმების" შირმით, განხორციელდა არასასურველი მოსამართლეებისაგან სისტემის წმენდა; სადაც ხელყოფილ იქნა სახელმწიფოების სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ამ ხელისუფლების ადმინისტრირება (მოსამართლეთა დანიშვნების ჩათვლით) მთლიანად გადაბარებულ იქნა ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ "რევიზორთა" კომისიაზე...

გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით "გაასამართლეს" და "დამნაშავეებად გამოაცხადეს" ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ "მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე", - წერს ირაკლი შენგელია.

ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავმჯდომარე ჩინჩალაძის მოადგილედ 2021 წლიდან მუშაობს. მისი მოსამართლეობის კარიერა წინა ხელისუფლების დროს იწყება.

2020 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, როცა მისი ახლო ნათესავი ამ საბჭოში კანდიდატად წარდგა - ის კანდიდატ ლევან თევზაძის ცოლისძმა იყო. ირაკლი შენგელიამ მაშინ თქვა, რომ არ ჰქონდა თვითაცილების საფუძველი.

ირაკლი შენგელიას კავშირებზე 2020 წლის ივლისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ისაუბრა. იმ დროის მონაცემებით:

  • ირაკლი შენგელიას ცოლი ლანა თევზაძე მუშაობდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;
  • ირაკლი შენგელიას და თინათინ შენგელია - სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სპეციალისტად;
  • ირაკლი შენგელიას დისშვილი სალომე კაცაძე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, როცა არასამთავრობო სექტორი "სასამართლოს მახინჯ პრაქტიკაზე" საუბრისას აღნიშნავდა, რომ მოქალაქეებს პატიმრობას მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებით უსჯიდნენ, მოსამართლე შენგელია ამბობდა:

"რაც შეეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებას, როგორ წარმოგიდგენიათ, სხვა მტკიცებულება რა შეიძლება იყოს, გარდა პოლიციელთა ჩვენებისა, როცა პირი სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა მიუსაჯო მას. უდიდესი ნდობა სახელმწიფოს მიმართ, სახელმწიფო მოხელეა, სხვა რა უნდა იყოს".

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეკისრებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც განმარტა ის მიზეზები, რის გამოც მიიღეს ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება.

ელჩმა თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".

XS
SM
MD
LG