იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე აცხადებს, რომ ჯერ არ შეაფასებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც სამ მოქმედ და ერთ ყოფილ ქართველ მოსამართლეს სანქციები დაეკისრათ.
“ჩემი ოფიციალური განცხადება გაკეთდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე მომეცემა შესაძლებლობა, რომ მთელ რიგ საკითხებში გავერკვიო”, - თქვა მან დღეს, 6 აპრილს, იუსტიციის საბჭოს სხდომის გახსნისას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სხვა ფუნქციებთან ერთად, თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს მოსამართლეებს, აორგანიზებს საკვალიფიკაციო გამოცდებს და ჩართულია სასამართლო რეფორმაში.
“მძიმე ნოტაზე ვხსნით საბჭოს სხდომას.. ჩემი კოლეგების მიმართ გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები. მე მაქსიმალურად მინდა ვიყო მშვიდი და კორექტული. აქედან გამომდინარე ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები, ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან”.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ გამოთქვა იმედი, რომ მიიღებს პასუხებს “იმ კითხვებზე, რომელზეც პასუხებიც არ არის გაცემული”, მანამდე მან კოლეგებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, საზოგადოებას კი სთხოვა, არ გამოიტანონ ნაადრევი დასკვნები.
5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეკისრებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს.
სანქციები შეეხო მათი ოჯახის წევრებსაც.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განმარტა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".