Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დიდი უპატივცემულობაა" - როგორ აფასებენ "ოცნებიდან" ვიოლა ფონ კრამონის აქციაზე მისვლას


ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე. 2 მარტი, 2023 წელი
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე. 2 მარტი, 2023 წელი

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", წევრები აკრიტიკებენ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს, რომელიც შაბათს, 1 მარტს, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვიოლა ფონ კრამონს ამოძრავებს არა საქართველოს განვითარების, არამედ თავისი ინტერესები.

"ეს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უპატივცემულობაა. 12-პუნქტიან გეგმაში პირველი რაც წერია, ეს არის დეპოლარიზაცია. ერთი მხრივ, მოგვიწოდებენ დეპოლარიზაციისკენ და, მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ე.წ. ჩვენი ქვეყნის მეგობრები, პოლარიზაციას, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ხელს უწყობენ.

ისეთ ადამიანებს, როგორიც ქალბატონი ვიოლაა, საქართველოს განვითარებისა და წინსვლის არანაირი სურვილი არ აქვთ. ამ ადამიანებს თავიანთი ინტერესები ამოძრავებთ", - აღნიშნავს კალაძე.

"ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარს ოპოზიციის დღის წესრიგის ხელშეწყობაში ადანაშაულებს:

"ქვეყანაში ჩამოსულია არა იმიტომ, რომ ელაპარაკოს ხელისუფლებას და ოპოზიციას რეფორმებზე, არა იმიტომ, რომ ობიექტური და სამართლიანი შეფასებები მისცეს თავდასხმას ადამიანებზე, მშვიდობიანი პროტესტი გამიჯნოს ძალადობისგან, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს".

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის თქმით, "წარმოუდგენელია" ვიოლა ფონ კრამონის მხრიდან დეპოლარიზაციისკენ მოწოდება და ამავე დროს ბრალდებული პირის ქმედებების მოწონება:

"ევროპარლამენტარი, რომელიც, ერთის მხრივ, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ გადაიდგას ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ, ამის პარალელურად ასევე ადამიანი, რომელიც ბრალდებულია კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში, მის ქმედებებს იწონებს, წარმოუდგენელია. კარგი ლუსტრაციაა, რამდენად ობიექტურია ეს ადამიანი იმ შეფასებებში, რასაც აკეთებს. როგორც ჩანს, დეპოლარიზაცია მას ესმის "მოლოტოვის კოქტეილების" სროლად".

პირველ აპრილს გამართულ აქციაზე მისულმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ლაზარე გრიგორიადისის მხარდაჭერას გამოხატავს. მან ასევე "სამარცხვინო" უწოდა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, მიეღო ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონი.

"მე ვფიქრობ, რომ სამარცხვინო იყო ის, რაც ცოტა ხნის წინ პარლამენტში მოხდა. ჩვენთვის ევროკავშირში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდა ლაზარეს მხარდასაჭერად. შესაძლოა, ჩადენილი იყო რაიმე დანაშაული, თუმცა ის გამოარჩიეს, მისკენ გაიშვირეს თითი და ეს სამარცხვინოა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ყველას აქვს შეკრების უფლება, დემონსტრაციის გამართვის უფლება და არ უნდა გამოვარჩიოთ ინდივიდები, დემონსტრაციების მონაწილეები. ამიტომ არის კარგი, რომ ხალხი გამოვიდა და სოლიდარობა გამოხატა".

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს, შუადღისას, წარუდგინეს. მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

XS
SM
MD
LG