Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი 4 აპრილს მივა ნიუ-იორკის სასამართლოში, სადაც ბრალდებას წარუდგენენ


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 4 აპრილს სასამართლოში მივა და მას ბრალდებას წაუყენებენ.

ამის შესახებ განაცხადა ნიუ-იორკის სასამართლოს წარმომადგენელმა.

იგივე ინფორმაცია გამოაცხადა ტრამპის ადვოკატმა ტელევიზიით. მისი თქმით, ტრამპი არ დაიმალება თავის ბინაში ფლორიდაში და სასამართლოს წინაშე წარდგება. ადვოკატის ცნობით, ბრალდებამ თანხმობა გამოაცხადა, რომ ტრამპს ხელბორკილებს არ დაადებენ.

დემოკრატები მიესალმნენ ბრალდებას. სენატში მათი უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, იმავე კანონებს ექვემდებარება, რომლებსაც ყველა სხვა ამერიკელი.

ტრამპისთვის ბრალდების წაყენების შესახებ ცნობა 30 მარტს გავრცელდა. გამოძიების ეპიზოდი ეხება 2016 წელს, პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 ათასი დოლარის გადახდას, რის სანაცვლოდაც მას, სავარაუდოდ, არ უნდა გაემხილა, რომ 2006 წელს ტრამპთან ინტიმური ურთიერთობები ჰქონდა.

ტრამპმა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას უწოდა პოლიტიკური დევნა და არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა. გამოძიების თანახმად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის იურისტებმა სტორმი დენიელსს ტრამპთან რომანის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ გადაუხადეს 130 ათასი დოლარი, რომელიც იურიდიულ მომსახურებად გაფორმდა. ეს ფაქტი 2018 წელს აღიარა ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა.

დენიელსი ტრამპთან რომანს ადასტურებს, ტრამპი კი, ამას უარყოფს. დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, ვისაც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

XS
SM
MD
LG