თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „პუბლიკის" დირექტორის ზურა ვარდიაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც 13-საათიანი დაგვიანებით, დაახლოებით, 02:00 საათზე დაიწყო, გამთენიისას, 04:35 საათზე დასრულდა.
ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტის შენობასთან, „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
ამავე აქციაზე დაკავებული „ტაბულის" ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის საქმე კი მოსამართლემ ორ ნაწილად განიხილა. პირველი ნაწილი - 30 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, მეორე ნაწილი კი რამდენიმე საათის შემდეგ, ღამის 00:00 საათიდან.
ამ საქმეების განხილვა დღევანდელ პროცესზე დასრულდა. გადაწყვეტილებები რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ორივე მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევას ედავებიან - პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.
3 მარტს გათავისუფლების შემდეგ, ზურა ვარდიაშვილმა და ბექა ჯიქურაშვილმა ილაპარაკეს დაკავების გარემოებების შესახებ.
„არავინ იცის იქ [პოლიციის განყოფილებაში] რატომ დამაკავეს. იმიტომ, რომ ვიღაცამ ჩამტენა მანქანაში, ამათ მომიყვანეს და ერთ-ერთ დამკავებელს ვკითხე, რა თეორია გაქვს, რატომ დამაკავეთ? ამაზე გაბრაზდა და წინ რომ მქონდა შეკრული ხელები, გამიხსნეს და ზურგს უკან შემიკრეს. ამით დამსაჯეს. ასეთ საცოდავ ნიუანსებს შეამჩნევდით, რომ გენახათ", - თქვა ზურა ვარდიაშვილმა გათავისუფლების შემდეგ.
ბექა ჯიქურაშვილმა გათავისუფლების შემდეგ აღნიშნა: „პარლამენტის უკანა მხარეს ვიდექი. მოვიდა პოლიცია ხალხის დასაკავებლად. გავიწიე უბრალოდ, რატომ იჭერთ? რას აკავებთ-მეთქი? ერთ-ერთმა პოლიციელმა მიუთითა ჩემზე, რომ ესეც დააკავეთო. როდესაც პოლიციის განყოფილებაში მოვედი, როგორც მედიის წარმომადგენელი, ხელწერილის საფუძველზე გამომიშვეს. ჩემს შემდეგ ჩემი მეგობარი დაიჭირეს და იმავე მანქანაში ჩატენეს".
საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.
- პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
- "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
- საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.