Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ების განცხადებით, აქციებზე დაკავებულთა პროცესები  არაორგანიზებულად მიმდინარეობს


საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ. 8 მარტი, 2023 წელი
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ. 8 მარტი, 2023 წელი

მარტში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების შესახებ განცხადებას აქვეყნებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც ისინი აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ დაკავებულები ადმინისტრაციული პატიმრობისგან გაათავისუფლა, კვლავ დღის წესრიგში დგას მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ აქციის მონაწილეებისთვის მაღალი ჯარიმების შეფარდებას.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 2-3 და 7-9 მარტს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენების პარალელურად, ადგილი ჰქონდა დემონსტრანტების მასობრივ უკანონო დაკავებას. იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო დაკავებულების ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი კვლავ დგას დღის წესრიგში. ამ დროისთვის არ დასრულებულა საქმეთა განხილვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ ეტაპობრივად წარადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს სასამართლოში.

გარდა იმისა, რომ კრიტიკას იმსახურებს სასამართლოს მიერ ამ დრომდე დაუსაბუთებლად მიღებული დადგენილებები და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის ჯარიმების შეფარდება, პროცედურულად სრულიად არაორგანიზებული სახით მიმდინარეობს, ერთი მხრივ, სამინისტროს მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ​დემონსტრანტებთან დაკავშირებულ საქმეებზე შეუძლებელია იმის წინასწარ გაგება, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.

„უმეტესად, სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს გვიან ღამით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში ან მხოლოდ 1-2 საათით ადრე აწვდიან ამ ინფორმაციას. აღნიშნულ საქმეებს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მორიგე მოსამართლე განიხილავს, რომლის ვინაობაც ხშირად უცნობია და მისი ვინაობის გაგების შემდეგაც კი შეუძლებელია სასამართლოს შემადგენლობისგან პროცესის გამართვის დროსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება.

ამ პირობებში, ორგანიზაციების ადვოკატებს, რომლებიც ჩართულები არიან დაკავებული პირების უფლებების დაცვაში, დილიდან გვიან ღამემდე, სამუშაო პირობებისა და სივრცის არარსებობის ფონზე, უწევთ სასამართლოში უშედეგოდ ლოდინი ზოგჯერ რამდენიმე საათი, ზოგჯერ კი მთელი დღის განმავლობაში, რაც სრულიად გაუმართლებელია. ამ პირობებში შეუძლებელია მარწმუნებლის ეფექტიანი დაცვა, ასევე მოწმეთა და სხვა ტიპის მტკიცებულებების დროულად მოძიება და სასამართლოში წარდგენა.

ასევე, შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ ხშირად მთელი დღის განმავლობაში მომლოდინე პირების და მათი ადვოკატების პროცესების სხვა დროისთვის გადადება ხდება, თუმცა, ამაზე სასამართლო მხარეებს ინფორმაციას მხოლოდ მთელი დღის ლოდინის შემდეგ, გვიან ღამით აწვდის", - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების სასამართლოში წარდგენის თარიღი გონივრული ვადით ადრე აცნობოს მხარეებს;
  • უზრუნველყონ საქმეში არსებული მასალების მხარეებისთვის დროულად, პროცესის დაწყებამდე გადაცემა.

სასამართლოს:

  • ორგანიზებულად წარმართოს საქმეთა განხილვა, დროულად გასცეს ინფორმაცია სასამართლო პროცესის თარიღისა და დროის შესახებ და მხარეებს ადვოკატებთან ერთად მისცეს შესაძლებლობა სამუშაო საათების ფარგლებში მიიღონ პროცესებში მონაწილეობა;
  • ადვოკატებს მისცეს შესაძლებლობა, სათანადო კომუნიკაცია ჰქონდეს თავის მარწმუნებელთან, მათ შორის, დაუთმოს შესაბამისი სივრცე შეხვედრისთვის;
  • მოქალაქეების შუამდგომლობის გათვალისწინებით, საქმეთა განხილვა გადადოს იმ ვადით, რაც საჭირო შეიძლება იყოს მხარისთვის სასარგებლო მტკიცებულებების მოძიებისათვის და მისი ეფექტიანი დაცვისთვის.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • უფლებები საქართველო;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

9 მარტს, საღამოს, ცნობილი გახდა, რომ 7,8 და 9 მარტს გამართულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა, 132 ადამიანი გაათავისუფლეს. უწყების ინფორმაციით, სამართალწარმოება გრძელდება.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.
XS
SM
MD
LG