Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის დაჯილდოება გააპროტესტეს ნორვეგიის საელჩოსთან


აქცია ნორვეგიის საელჩოსთან
აქცია ნორვეგიის საელჩოსთან

საქართველოში, ნორვეგიის საელჩოსთან საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის პრიზის გადაცემა გააპროტესტეს. როგორც ტელეკომპანია "იმედი" აცხადებს, აქციის, რომელიც ნორვეგიელ კონსერვატორთა გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, ორგანიზატორი იყო სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი.

"იმიტომ მოვედით აქ, რომ ნორვეგიის ელჩს ვთხოვოთ, გამოვიდეს და დააფიქსიროს, რომ ეს არ არის ნორვეგიის მთავრობის პოზიცია... რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რომ მკვლელის იარლიყი ამაკრესო, დარწმუნებული შეიძლება იყოს ხალხი იმაში, რომ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა არ გამოკრა სასხლეტს ხელი, მაგრამ მისმა რეჟიმმა და მისმა ბრძანებებმა, ნულოვანი ტოლერანტობიდან გამომდინარე იყო, ეს ხალხი რომ შეიწირა მიხეილ სააკაშვილმა“, - თქვა თორნიკე მოლაშვილმა.

სულხან მოლაშვილი, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, წინა ხელისუფლების დროს პატიმრობაში იყო, მან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ მის წამებაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ის დააპატიმრეს 2006 წელს. მაშინ უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილება მიიღო კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც იყო მოქმედი მოსამართლე, ლევან მურუსიძე.

მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ორ საქმეზეა გასამართლებული და სამ საქმეზე კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს, ნორვეგიელ კონსერვატორთა პრიზი ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის მიენიჭა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ანდერს ბრეივიკს შეადარა, რომელმაც ათეულობით ადამიანი მოკლა და დაჭრა.

"არ მინდა მძიმე შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ რადგანაც ნორვეგიის ამ ორგანიზაციის მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა... ნორვეგიაში გახსოვთ, ხომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაცა ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს იგივე... ჩემთვის იგივეა..." - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში ნორვეგიის ელჩმა ჰელენე სანდ ანდრესენმა თქვა, რომ გაოგნებულია ამ შედარებით.

„ნორვეგიის საელჩო თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა იქამდე, სანამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გავეცანით. დავამატებ, რომ მე გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია", - ჰელენე სანდ ანდრესენის პასუხი „მთავარმა არხმა" გაავრცელა.

XS
SM
MD
LG