საქართველოში ნორვეგიის ელჩმა ჰელენე სანდ ანდრესენმა შეაფასა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც ეხებოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიაში მემარჯვენეთა დემოკრატიის პრიზის მინიჭებას.
ელჩმა ღარიბაშვილის განცხადების შესახებ „მთავარი არხის" შეკითხვას უპასუხა. „ნორვეგიის საელჩო თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა იქამდე, სანამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გავეცანით. დავამატებ, რომ მე გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია", - ჰელენე სანდ ანდრესენის პასუხი „მთავარმა არხმა" გაავრცელა.
ღარიბაშვილმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ანდერს ბრეივიკს შეადარა, რომელმაც ათეულობით ადამიანი მოკლა და დაჭრა. პარალელი პრემიერმა მაშინ გაავლო, როცა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აფასებდა სააკაშვილისთვის ნორვეგიაში მემარჯვენეთა დემოკრატიის პრიზის მინიჭებას.
„ეს ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა. მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოვეს ადამიანის უფლებები დარგში მიღწეული რაღაცით. ეს ხომ ჩვენი ხალხის დაცინვაა?!. ეს ხომ წარმოუდგენელია?!.
არ მინდა მძიმე შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ რადგანაც ნორვეგიის ამ ორგანიზაციის მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა... ნორვეგიაში გახსოვთ, ხომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაცა ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს იგივე... ჩემთვის იგივეა..." - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ორ საქმეზეა გასამართლებული და სამ საქმეზე კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს, ნორვეგიელ კონსერვატორთა პრიზი ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის მიენიჭა.
2011 წელს ანდერს ბრეივიკმა აფეთქება მოაწყო ოსლოში და ცეცხლი გახსნა კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში. დაიღუპა 77, დაიჭრა 150-მდე ადამიანი. ტერორისტმა დანაშაული აღიარა. მას 21 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.