ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ქვეყნის მთავრობას და პარლამენტს მიმართა, გონს მოეგონ და დაყოვნებლივ შეწყვიტონ სასამართლოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პროცესი.
ჰერცოგმა დღეს ტვიტერზე დაწერა, რომ ლიდერობის და პასუხისმგებლობის დროა და არა პოლიტიკის. ისრაელის პრეზიდენტი პარლამენტის ყველა ფრაქციას მოუწოდებს, ყველაფერზე მაღლა ქვეყნის მოქალაქეები დააყენონ და შესაბამისი პასუხისმგებლობით იმოქმედონ.
ისრაელში სამი თვეა მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქციები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, ითვალისწინებს პარლამენტის და მთავრობის გადაწყვეტილებებზე სასამართლოს კონტროლის შეზღუდვას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების გაფართოებას.
ისრაელის მოქმედი კანონმდებლობით, უზენაეს სასამართლოს შეუძლია დაბლოკოს კანონები, რომლებსაც არასამართლებრივად ჩათვლის. ახალი კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობას ანიჭებს სასამართლოს ვეტოს დაძლევის უფლებას. ამ ცვლილების მოწინააღმდგეები აცხადებენ, რომ არადემოკრატიული კანონის მიღება ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ არადემოკრატიულს უწოდებს დღევანდელ ვითარებას, როცა უზენაეს სასამართლოს შეუძლია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის საქმიანობა შეზღუდოს.
26 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა იოავ გალანტი, რომელმაც 25 მარტს მთავრობას მოუწოდა, შეაჩეროს სასამართლო რეფორმის განხორციელება, რადგან ის ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება.
თავდაცვის მინისტრის გადაყენებას წუხელ ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა თელ-ავივში, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.