უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში 22 მარტს რუსეთის სარაკეტო იერიშის დროს რაკეტა მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლს. გაჩნდა ხანძარი, ცეცხლი მეზობელ სახლსაც წაეკიდა. ამჟამად ცნობილია, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი. 25 ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს, მათ შორის ორი ბავშვი.
როგორც ზაპოროჟიეს ქალაქის საბჭოს მდივანმა ანატოლი კურტევმა განაცხადა, დაჭრილთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა, ბავშვები მსუბუქად დაშავდნენ.
გამოცემა „სუსპილნე“ აზუსტებს ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, რომ რაკეტა ორი იყო. ვრცელდება ფოტო შენობის სახურავზე ჩარჩენილი აუფეთქებელი რაკეტით, მაგრამ არ არის ნახსენები, რომელი შენობაა ეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია რაკეტის მოხვედრის მომენტი. „რუსეთი მხეცური სისასტიკით ესვრის ქალაქს. [რაკეტები] მოხვდა საცხოვრებელ კვარტლებს, სადაც ცხოვრობენ ჩვეულებრივი ადამიანები, ბავშვები. ტერორისტი ქვეყანა ცდილობს, გაანადგუროს ჩვენი ქალაქები, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ადამიანები“, - დაწერა ზელენსკიმ.
ქალაქ ზაპოროჟიეს მერის მოადგილის, ოლექსანდრ ვლასიუკის თანახმად, ქალაქს „შვიდი ან რვა რაკეტა“ მოხვდა. მისი თქმით, ხელისუფლება მოსახლეობისთვის თავშესაფრებს ამზადებს.
ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის რუსული ადმინისტრაციის უფროსმა ვლადიმირ როგოვმა თქვა, რომ რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებათა მოქმედების გამო. მისი მონაცემებით, ჩამოინგრა რამდენიმე სართული.
რუსეთი აკონტროლებს ზაპოროჟიეს ოლქის დაახლოებით ნახევარს, მაგრამ არა ქალაქ ზაპოროჟიეს. რეგიონში გრძელდება სამხედრო მოქმედებები.