აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ებსა და Abrams-ის ტიპის ტანკებს დაგეგმილზე უფრო ადრე მიაწვდის. ამის შესახებ ტელეარხი CNN-ი იტყობინება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
როგორც აღნიშნავენ, უახლოეს დღეებში უკრაინის 65 სამხედრო დაასრულებს წვრთნას ამერიკის ბაზა ფორტ-სილში. ამის შემდეგ ისინი ევროპაში გაემგზავრებიან დამატებითი მომზადებისთვის Patriot-ის ორ სისტემაზე, რომლებსაც უახლოეს კვირებში ჩაიტანენ უკრაინაში.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, უკრაინის სამხედროებმა ფორტ-სილში უფრო სწრაფად გაიარეს მომზადების კურსი, ვინაიდან უკვე ფლობდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ საბაზისო ცოდნას.
სამშაბათს ცნობილი გახდა ასევე, რომ აშშ დააჩქარებს უკრაინისთვის Abrams-ების მიწოდებასაც. უკრაინაში გაგზავნიან ამ ტანკების M1-A1 მოდელებს. ადრე აშშ-მა განაცხადა, რომ კიევს უფრო თანამედროვე M1-A2-ებს გადასცემდნენ, მაგრამ საამისოდ საჭირო იქნებოდა ახალი ტანკების წარმოება ან ძველების მოდერნიზება, შემდეგ კი უკრაინელი სამხედროების დამატებითი გაწვრთნა. აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა CNN-ს უთხრა, რომ უფრო ძველი მოდელის ტანკების გაგზავნა შესაძლებელს გახდის ტანკების მიწოდებას უკვე შემოდგომაზე. ადრე ვარაუდობდნენ, რომ ტანკების გაგზავნას მინიმუმ ერთი წელი შეიძლებოდა დასჭირვებოდა.
აშშ-ის უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმაც განაცხადა, რომ აშშ მუშაობს უკრაინისთვის ტანკების მიწოდების დაჩქარებაზე. მთლიანობაში იგეგმება 31 ტანკის გადაცემა.