საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პარლამენტის მოქმედ წევრს, "რაგბის კავშირის" თავმჯდომარესა და ყოფილ მორაგბეს, დავით კაჭარავას მხარდაჭერას უცხადებს. უწყება გმობს იმ განცხადებების შინააარსს, რომელიც ყოფილი მორაგბის მიმართ იწერება სოციალურ ქსელებში მას შემდეგ, რაც მისი ავტორობით პარლამენტში დარეგისტრირდა ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები "რუსულ კანონადაც" მოიხსენიებდნენ.
"დავით კაჭარავა „ბორჯღალოსანთა“ იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ქართული სპორტის გულშემატკივარს არაერთი დაუვიწყარი წუთი აჩუქა და თავის ქვეყანას ისტორიული გამარჯვებები მოუტანა...
ის არის სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით 122 თამაში ჩაატარა, 125 ქულა დააგროვა და „ბორჯღალოსნებთან“ ერთად 11-ჯერ მოიგო „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი, სხვა მეტოქეებთან ერთად, რუსეთის ნაკრების დამარცხებითაც", - წერია სამინისტროს 17 მარტის განცხადებაში, რომელშიც არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ აკრიტიკებენ ყოფილ სპორტსმენსა და პარლამენტის მოქმედ დეპუტატს.
დავით კაჭარავა საპარლამენტო უმრავლესობიდან იმ ცხრა დეპუტატს შორისაა, რომელმაც დაარეგისტრირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს) იღებდა, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირებულიყო.
დოკუმენტი მოიწონა მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამაც" და ხალხმრავალი პროტესტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრა ორი დღის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით საკითხის განხილვა ადრე დაიწყო.
კანონპროექტის პირველი მოსმენის მიღების დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ "საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე" იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. ორი დღის შემდეგ, როცა პროტესტი არ წყდებოდა, მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და კანონპროექტი უკან გაითხოვა. დოკუმენტის მიღება დროში დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს - ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ამ კანონპროექტს ამ პროცესის შემაფერხებლად აფასებდნენ.