Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იოსელიანს პარლამენტში ქეთი თურაზაშვილი შეცვლის


ქეთი თურაზაშვილი, პარლამენტის მომავალი დეპუტატი
ქეთი თურაზაშვილი, პარლამენტის მომავალი დეპუტატი

საქართველოს პარლამენტში ლევან იოსელიანს ქეთი თურაზაშვილი შეცვლის. მას პარლამენტის დეპუტატის მანდატს პირველივე პლენარულ სხდომაზე მიანიჭებენ. ამ დროის ინფორმაციით, სხდომა 21 მარტს უნდა გაიმართოს.

საქართველოს კანონმდებლობით, თუკი პროპორციული სიით არჩეული პარლამენტის დეპუტატი ტოვებს თანამდებობას, მის ნაცვლად მანდატს იღებს ამავე პარტიის საარჩევნო სიაში მის შემდეგ მდგომი ადამიანი.

თურაზაშვილი ​2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის აპარატს ხელმძღვანელობდა და ამავდროულად იყო პარტია "მოქალაქეების" აღმასრულებელი მდივანი. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კვლავ გააგრძელებს სოციალურ საკითხებზე მუშაობას, დეპუტატის მანდატი კი ამის მეტ შესაძლებლობებს მისცემს.

"ბოლო პერიოდია, აქტიურად ვმუშაობ "საპენსიო სესხებთან" დაკავშირებით, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების პრობლემებზე. გარდა ამისა, სახელოვნებო სკოლების პედაგოგების ანაზღაურებაზე - მათ თვეში 120 ლარი აქვთ... ეს და სხვა სოციალური საკითხები იქნება პრიორიტეტი და ჩემს სადეპუტატო მანდატს გამოვიყენებ, რომ უფრო აქტიურად ვიყო ჩართული", - ამბობს მომავალი დეპუტატი.

​მან ასევე აღნიშნა, რომ ქალი დეპუტატების ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანია, რათა ერთად იმუშაონ ქალთა პრობლემების გადაჭრაზე.

"როდესაც ვაგზავნიდი წერილებს საჯარო უწყებებში, იყო შემთხვევები, როცა ამაზე პასუხსაც არ მიბრუნებდნენ, არ თვლიდნენ თავს ვალდებულად, პასუხი გაეცათ", - ამბობს ქეთი თურაზაშვილი, რომლის კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულებაც, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, ყველა სახელმწიფო უწყებას ექნება.

7 მარტს პარლამენტმა საქართველოს სახალხო დამცველად დაამტკიცა პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი. კანონმდებლობით, როცა დეპუტატი მანდატს ტოვებს, პარლამენტმა მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილება უნდა ცნოს.

თურაზაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, მან ასევე განათლება მიიღო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, PR ტექნოლოგიების მიმართულებით. ის მუშაობდა როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის - თბილისის საკრებულოში. ის პარტია "მოქალაქეების" საპარლამენტო სიის მე-3 ნომერია.

XS
SM
MD
LG