იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, პენიტენციური სამსახური "არ იქნება წინააღმდეგი", რომ მოწვეულმა ექიმმა უმკურნალოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თუ იგი დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების შესაძლო ჩართვაზე გავრცელებულ ინფორმაციას უწყება განცხადებით გამოეხმაურა.
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა.
შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება", - წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
დღეს, 16 მარტს, ევროკავშირის ოფიციალურმა წყაროებმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო.
როგორც რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა ტვიტერზე, ჯერჯერობით ცნობილი არ არის თარიღი, როდის გაემგზავრებიან პოლონელი ექიმები საქართველოში. მისივე თქმით, საუბარი არ არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოლონეთში ან სხვაგან გადაყვანაზე.
მიმდინარე კვირაში პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა პიოტრ მულერმა განაცხადა, რომ მედიკოსთა ჯგუფი პოლონეთიდან მზად არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში ჩავიდეს.
მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად უცხოელი ექიმის ჩამოყვანა მათი შეთავაზება იყო და ისევ ძალაშია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია" - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.