Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მონახულების ნება დართეს - წყარო ევროკავშირიდან


მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. სასამართლო სხდომაზე ვიდეოზარით ჩართვა კლინიკა "ვივამედიდან"
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. სასამართლო სხდომაზე ვიდეოზარით ჩართვა კლინიკა "ვივამედიდან"

ევროკავშირის ოფიციალურმა წყაროებმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო.

როგორც რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს ტვიტერზე, ჯერჯერობით ცნობილი არ არის თარიღი, როდის გაემგზავრებიან პოლონელი ექიმები საქართველოში. იოზვიაკის თანახმად, საუბარი არ არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოლონეთში ან სხვაგან გადაყვანაზე.

რადიო თავისუფლება ცდილობს ამ საკითხზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პასუხის მიღებას. პასუხის შესაბამისად მასალა განახლდება.

მიმდინარე კვირაში პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა პიოტრ მულერმა განაცხადა, რომ მედიკოსთა ჯგუფი პოლონეთიდან მზად არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში ჩავიდეს.

მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად უცხოელი ექიმის ჩამოყვანა მათი შეთავაზება იყო და ისევ ძალაშია.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან, გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში თქვა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია" - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

XS
SM
MD
LG