აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ტელეფონით დაუკავშირდა თავის რუს კოლეგას, სერგეი შოიგუს. საუბარი შედგა „ამერიკის მხარის ინიციატივით“, იტყობინებიან რუსეთის საინფორმაციო საშუალებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
გუშინ პენტაგონმა დაადასტურა, რომ ორი ქვეყნის სამხედრო უწყებებს შორის კონტაქტი არ ყოფილა შავ ზღვაში ამერიკული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის ორმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაიტაცა. ამასთან, ვაშინგტონში რუსი პილოტების მოქმედებას არაკომპეტენტური და არაპროფესიონალური უწოდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკეში არ არის ლაპარაკი საუბრის შინაარსის შესახებ.
შეერთებულმა შტატებმა 14 მარტს განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე რუსეთის გამანადგურებელთან შეტაკების შედეგად ჩამოვარდა მისი სადაზვერვო დრონი MQ-9 Reaper-ი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, საერთაშორისო სივრცეში ასრულებდა დავალებას.
როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ვიზუალური ინფორმაციის გავრცელების სამსახურის (DVIDS) შეტყობინებაშია ნათქვამი, რუსეთის ორმა Su-27-მა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის „არაუსაფრთხო და არაპროფესიონალური“ გადატაცება განახორციელა. ერთ-ერთი რუსული გამანადგურებელი გამოედო დრონის პროპელერს, რის შედეგადაც ამერიკის შეიარაღებულ ძალებს დრონის ჩამოგდება მოუწიათ, იტყობინება აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა.
ეს ინციდენტი მიუთითებს კომპეტენტურობის არქონაზე, თანაც ის არაა უსაფრთხო და არაპროფესიონალურია, აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის გამანადგურებლებს აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ იარაღი და მასთან კონტაქტში არ შესულან. რუსეთის თავდაცვით უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ამერიკული დრონი გამორთული ტრანსპონდერებით დაფრინავდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩასატარებლად დაწესებული საჰაერო სივრცის გამოყენების დროებითი რეჟიმის ტერიტორიის საზღვრების დარღვევით“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოიძახეს ვაშინგტონში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი. საგარეო-პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა ნედ პრაისმა დასძინა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით შეერთებული შტატები მაღალ დონეზე პირდაპირ თანამშრომლობს რუსეთთან.
როგორც თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა 15 მარტს, დაღუპული დრონის ნარჩენები შესაძლოა არასოდეს ამოიტანონ ზღვის ფსკერიდან.
დღესვე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას თქვა, რომ მოსკოვი გეგმავს ზღვიდან ამერიკული დრონის ნარჩენების ამოღებას.
MQ-9 Reaper-ი ამჟამად აშშ-ის შეიარაღებაში არსებულ მთავარ მოიერიშე დრონად ითვლება. მას უნარი შესწევს, განავითაროს 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე და 24 საათამდე დაყოს ჰაერში.