Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარისკაცი მაციევსკი, რომელმაც დახვრეტის წინ „დიდება უკრაინას“ წარმოთქვა, მოლდოვის მოქალაქეც აღმოჩნდა


ალექსანდრ მაციევსკიმ დახრეტამდე რამდენიმე წამით ადრე წარმოთქვა სიტყვები: "დიდება უკრაინას!"
ალექსანდრ მაციევსკიმ დახრეტამდე რამდენიმე წამით ადრე წარმოთქვა სიტყვები: "დიდება უკრაინას!"

სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცების მიერ დახვრეტილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ალექსანდრ მაციევსკი მოლდოვის მოქალაქეა, ამის შესახებ რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახური ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მოლდოვის საგარეო უწყება მკვეთრად გმობს მაციევსკის დახვრეტას და აცხადებს, რომ ეს ქმედება კვალიფიცირებული უნდა იყოს, როგორც „ომის დანაშაული და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა.“

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ალექსანდრ მაციევსკის ნათესავებსა და მეგობრებს და კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის ფედერაციის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება „ჩრდილოეთის“ ცნობით, რომელიც დეკემბერში გავრცელდა, უკრაინელი სამხედრო ალექსანდრ მაციევსკი ოთხ თანამებრძოლთან ერთად რუსეთის არმიის წინააღმდეგ უკრაინის ქალაქ სოლედარის მახლობლად იბრძოდა.

უცნობია დეტალები, თუ როგორ გახდა ის სამხედრო მოსამსახურე. მაგრამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც რუსი სამხედროები კვლავენ უკრაინელ სამხედროს, რომლის ბოლო სიტყვებია: „დიდება უკრაინას!" კადრში უიარაღო უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ახალამოთხრილ ორმოსთან დგას.

მოლდოვის რესპუბლიკის პრესა წერდა, რომ ალექსანდრ მაციევსკი დაიბადა კიშინიოვში, სადაც დედამისი მივლინებით მუშაობდა ფეხსაცმლის ქარხანაში ტექნოლოგად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაციევსკის სიკვდილის შემდეგ "უკრაინის გმირის" წოდება მიანიჭა.

სოციალურ ქსელში რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვის სავარაუდო სიკვდილით დასჯის ვიდეო 6 მარტს გამოჩნდა. უკრაინამ მომხდარს ომის დანაშაული უწოდა და საერთაშორისო გამოძიების დაწყება მოითხოვა.


რუსეთს ვიდეოზე კომენტარი არ გაუკეთებია.

თავდაპირველად, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვიდეოში ტიმოფეი შადურა ჩანდა, კონსტანტინ ოსტროჟსკის სახელობის 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცი. 9 მარტს ტერიტორიული თავდაცვის სარდლობამ კი გამოაცხადა, რომ ვიდეოში 119-ე ცალკეული ბრიგადის მებრძოლი ალექსანდრ მაციევსკია.

XS
SM
MD
LG