Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა გამოაცხადა, რომ დაასრულა რუსეთისგან Su-35-ების შესყიდვა


რუსული Su-35 უკრაინის საჰაერო სივრცეში. 21 ივლისი. 2022 წელი
რუსული Su-35 უკრაინის საჰაერო სივრცეში. 21 ივლისი. 2022 წელი

ირანმა დაასრულა რუსული Su -35-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის პროცედურა.

ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზია - IRIB-ი იტყობინება 11 მარტს გაეროში ირანის მუდმივ წარმომადგენლობაზე დაყრდნობით. „ირანმა სთხოვა მთელ რიგ ქვეყნებს, გამოიკვლიონ ირანისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვის შესაძლებლობა და დადებითად რუსეთმა უპასუხა ამ მოთხოვნას“, - ნათქვამია განცხადებაში. მისია არ ავრცელებს ინფორმაციას ხელშეკრულების პირობების შესახებ, თუ როდის დაიდო იგი და რამდენ საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს თეირანი.

თურქული სააგენტო Anadolu ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია 24 ერთეულზე. ამავე რაოდენობაზე წერდა ადრე ისრაელის მე-12 არხი, რომლის მონაცემებით, საქმე ეხება სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებიც თავდაპირველად ეგვიპტეში უნდა გაეყიდათ.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ ირანს ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ათეული საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავს, ხოლო სამხედრო-საჰაერო ძალების ბირთვს ჯერ კიდევ 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე შეძენილი ამერიკული თვითმფრინავები შეადგენენ. ირანს ასევე აქვს შეიარაღებაში საბჭოთა და რუსული წარმოების თვითმფრინავები - MiG-29 და Su-24. მიწოდების შემდეგ, Su -35 გახდება ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავი ირანის არსენალში. თეთრმა სახლმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ რუსული გამანადგურებლების მიწოდებამ შეიძლება შეცვალოს ძალთა ბალანსი რეგიონში.

IRIB-ის ცნობით, გაეროს სანქციების გაუქმების შემდეგ, რომელიც კრძალავდა თეირანისთვის იარაღის მიწოდებას, ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებდა საბრძოლო თვითმფრინავების შეძენაზე რამდენიმე სხვა ქვეყანასთან. ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა, შაჰრიარ ჰეიდარმა მიმდინარე წლის იანვარში Tasnim-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან შეთანხმებები მიღწეულია. შემდეგ მან დააზუსტა, რომ თვითმფრინავების მიწოდება გაზაფხულზე შეიძლება მოხდეს. ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე, მოსკოვმა და თეირანმა გააძლიერეს თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში. დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო თანამშრომლობამ "უპრეცედენტო დონეს" მიაღწია.

თეირანი - კიევი და დასავლეთი ამტკიცებენ, რუსეთი და ირანი უარყოფენ - მოსკოვს აწვდის საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც რუსული არმია უკრაინაში იყენებს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიაზე ჩასული ირანელი სამხედროები რუსეთის არმიას მათ გამოყენებაში ეხმარებიან.

Su – 34-ის ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენებს რუსეთის არმია 2014 წლიდან იყენებს და აქტიურად გააქვს საექსპორტოდ. თვითმფრინავები შექმნილია მტრის ტერიტორიის სიღრმეში სარაკეტო დარტყმებისა და დაბომბვისთვის. უკრაინასთან ომში რუსეთი შეზღუდული მასშტაბით იყენებს მათ უკრაინის არმიის საჰაერო თავდაცვის სისტემების სიხშირის გამო.

XS
SM
MD
LG