"პუბლიკის" ინფორმაციით, "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულმა ზაზა ბიღიაშვილმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა, თვალი შეუნარჩუნეს, მაგრამ მხედველობა - ვეღარ. აქვს ტვინის შერყევა, წარბი აქვს გადაგლეჯილი, სავარაუდოდ, მოწამვლაც არის, ძალიან ცუდად არის. ახლა კი გაგვწერეს და სახლში მივდივართ, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანი გავიდა სახლიდან და დაბრმავებული მიმყავს სახლში“, – უთხრა გამოცემას ზაზა ბიღიაშვილის მეუღლემ, მაია გორგოშიძემ.
ზაზა ბიღიაშვილის ფოტო, დაზიანებული თვალით და დასისხლიანებული სახით, ფოტოგრაფმა ლაშა ჩაგელიშვილმა 8 მარტს, შუაღამისას, 00:10 საათზე გადაიღო. რადიო თავისუფლებასთან მან გაიხსენა, რომ ეს ფოტო ჩიტაძის ქუჩაზე მაშინ გადაიღო, როცა ხალხი დაშავებული კაცის გამოყვანას ცდილობდა.
ზაზა ბიღიაშვილი 8 მარტს, გამთენიისას შეიყვანა სასწრაფომ კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში." კლინიკის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ იმ ღამეს აქციაზე დაშავებული მხოლოდ ეს ერთი პაციენტი მიიყვანეს მათთან და კაცი დაზიანებული თვალით უკვე გაეწერა სახლში.
დღეს აქციაზე დაშავებული კაცის შესახებ ბრიფინგზე ჰკითხეს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელ თეიმურაზ კუპატაძეს. მან თქვა, რომ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
ინფორმაცია აქციებზე დაშავებულების შესახებ ამ დრომდე ფრაგმენტულია - შსს ამბობს, რომ ორი დღის განმავლობაში დაშავდა 58 პოლიციელი, სამოქალაქო პირების დაშავების შესახებ კი რადიო თავისუფლება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისგან მესამე დღეა, უშედეგოდ ცდილობს ინფორმაციის მიღებას.