Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა - ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა - კობახიძე


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "აგენტების" კანონპროექტმა სამი "მნიშვნელოვანი საქმე" გააკეთა, მათ შორის, "ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა", ყველამ გაიგო იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც "არასახელმწიფო საქმიანობაში" არიან ჩართული და რომ ვერასდროს განხორციელდება "ბაკურიანის გეგმა".

  • "ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით - ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის პირველი მიღწევა ამ კანონპროექტის.
  • ასევე ყველამ გაიგო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფო საქმიანობაში არიან ჩართულები, როგორიც არის, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე. ასევე როგორიც არის გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, PVT-ის გაყალბება, ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. საზღვართან. ეს ორგანიზაციები, სინამდვილეში, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები - ეს არის მეორე ინფორმაცია, რაც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართველ საზოგადოებას ძალიან ცხადად და მკაფიოდ.
  • და მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს, არის ის, რომ ვერასოდეს განხორციელება „ბაკურიანის გეგმა“ ანუ NGO-ების ხელით საქართველოში „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა. ამისთვის მადლობას ვუხდი „ხალხის ძალის“ გუნდს, რომელმაც დააინიცირა და თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა პირველი მოსმენის დროს ამ კანონპროექტს", - თქვა კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარში.

დღეს, 10 მარტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. კენჭისყრის შედეგებით, კანონპროექტს მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 წინააღმდეგი იყო.

9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
XS
SM
MD
LG