„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭისყრაზე "წინააღმდეგ" 35-მა დეპუტატმა მისცა ხმა. მათ შორის ყველა ოპოზიციონერი იყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. ე.წ. მწვანე ღილაკს "ქართული ოცნების" მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ დააჭირა. საბოლოო შედეგით, კანონპროექტი ჩავარდა.
განახლება: მოგვიანებით, პარლამენტის პრესსამსახურმა დააზუსტა, რომ დიმიტრი სამხარაძეს კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერია და "ტექნიკური ხარვეზი" იყო.
გთავაზობთ მონაცემებს იმაზე, ვინ დაუჭირა მხარი და ვინ - არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ფრაქციების მიხედვით:
წინააღმდეგი:
- ნაციონალური მოძრაობა - 14;
- ლელო - 2;
- რეფორმების ჯგუფი - 5;
- გირჩი - 2;
- მოქალაქეები - 1;
- ფრაქციის გარეშე - 11;
მომხრე:
- ქართული ოცნება [დიმიტრი სამხარაძე] - 1.
არ მონაწილეობდა კენჭისყრაში:
- ქართული ოცნება - 60;
- ევროპელი სოციალისტები - 2;
- გირჩი - 2.
9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.
- პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
- "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.