Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის პარალელურად გამოყენება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს


თბილისი, რუსთაველის გამზირი. პოლიცია წყლის ჭავლს იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ.
თბილისი, რუსთაველის გამზირი. პოლიცია წყლის ჭავლს იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ.

თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის მოქმედებას განცხადებით ეხმაურება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენება ერთმანეთის პარალელურად, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს

„ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით სახელმწიფო საპოლიციო ძალას უკანონოდ და არაპროპორციულად იყენებს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ დაახლოებით 01:45 საათიდან მნიშვნელოვნად ინტენსიური გახდა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება.

როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, საშუალებების გამოყენება ხდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ამასთან, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენება ერთმანეთის პარალელურად, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს. ამასთან, ადგილი აქვს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის ინტენსიურად, დროში შემჭიდროებულ შუალედებსა და დიდი რაოდენობით გამოყენებას, რასაც, გარდა არაპროპორციული ბუნებისა, აქვს მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი არასათანადო მოპყრობის ტოლფასი ეფექტი", - ნათქვამია განცხადებაში.

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • სამართალდამცავებს მიეცეთ მკაცრი მითითება სპეციალური საშუალებების გამოყენების წესების დაცვასთან დაკავშირებით;
  • შეწყდეს სპეციალური საშუალებების გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით.

ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებზე გამოძიების მყისიერი და ეფექტიანი წარმოება.

რუსთაველის გამზირზე პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმები ცრემლსადენი აირის გამოყენებით კვლავ შლიან მეორედ შეკრებილ აქციას - ამჯერად სიტყვიერი გაფრთხილების ნაცვლად, აქციის დაშლას წინ უსწრებდა სირენების ხმით გაფრთხილება.

XS
SM
MD
LG