Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე კრამონზე: რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას?! - ჰქონდა ომი, ტერიტორიის 20% დაკარგა


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ იმოქმედებენ რადიკალების ინტერესებით და ამ კონტექსტში ახსენებს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს. ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტებს, რომლებმაც ევროპარლამენტარის იმ განცხადების შეფასება სთხოვეს, რომელშიც პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტი მაიდნის აქციასთან იყო შედარებული.

"გეტყვით, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება მაიდანს ზოგადად, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას - მეორე წელსვე ჰქონდა უკრაინას ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი, ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რაც დღეს არის უკრაინაში. მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა უკრაინამ. ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რასაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

რამდენიმე საათის წინ, როცა საპოლიციო ძალები საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციას შლიდნენ, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ტვიტი გამოაქვეყნა.

"მახსენებს 2013-2014 წლებში უკრაინაში მაიდნის დროს", - წერდა ვიოლა ფონ კრამონი.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან 7-8 მარტის ღამეს პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლებით. საქმე აღიძრა სისხლი სამართლის კოდექსის ორი მუხლითაც.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები.

კანონპროექტი "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა პარლამენტში. მოძრაობამ "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიზეზად "მეტი სიმართლის" თქმა დაასახელა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინტერესების მიმართ ეჭვის გამჩენი განცხადებების გავრცელება დაიწყო.

7 მარტს დღის პირველ ნახევარში ცნობილი იყო, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე 9 მარტს უნდა გაეტანათ. მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და ორი ინიციირებული კანონპროექტიდან ერთ-ერთის განხილვა 7 მარტსვე დაიწყო - საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, "თავდაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებების მომზადება ვერ მოესწრო და მის ნაცვლად გადაწყვიტეს დაიწყონ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა. პარლამენტმა დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღო.

XS
SM
MD
LG