საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პარტია „მოქალაქეების" წევრი, დეპუტატი ლევან იოსელიანი, რომელიც სახალხო დამცველის კანდიდატად ამავე პოლიტიკურმა ჯგუფმა წარადგინა და რომელსაც პარლამენტმა 7 მარტს უნდა უყაროს კენჭი, „აბსოლუტურად მისაღები“ კანდიდატია.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ლევან იოსელიანს მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება:
„ჩვენ, უმრავლესობამ, გადავწყვიტეთ, რომ არ წამოვაყენებდით ჩვენს კანდიდატს, არამედ იმ კანდიდატს დავუჭერდით მხარს, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა. ვფიქრობ, რომ ლევან იოსელიანის კანდიდატურა აბსოლუტურად მისაღებია ჩვენთვის. იგი არის ღირსეული კანდიდატი, მე ასე ვიტყოდი, და, რა თქმა უნდა, ამას საბოლოო ჯამში, პარლამენტი და უმრავლესობა გადაწყვეტს და ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი მის მიმართ. ეს არის ჩემი მოსაზრება და ვიცი რა უმრავლესობის აზრი, ამიტომ გიზიარებთ ჩემს მოსაზრებასაც“.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ლევან იოსელიანს 6 მარტს მოუსმინა. 6 მარტსვე, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიას გააცნო მიღებული გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ 7 მარტს პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს სრული შემადგენლობით დაუჭერს.
სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.
გამჭვირვალე პროცესის შედეგად დამოუკიდებელი და ამასთან, ისეთი სახალხო დამცველის არჩევა, რომელიც ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც მოსწონს, ევროკომისიის რიგით მე-12 შესასრულებელი პირობაა.
ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატად წარდგენამდე, საშემოდგომო სესიის ბოლოს, სახალხო დამცველის შერჩევის მრავალთვიანი პროცესი ჩიხში შევიდა. ჩავარდა 19-ვე კანდიდატი, რომლებსაც დეპუტატები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომებზე კითხვებს უსვამდნენ და მათ პოზიციებს უსმენდნენ. კანდიდატებს შორის იყო არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატი, რომლებსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი ემხრობოდა.
უკვე ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა გასული წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. მას შემდეგ ომბუდსმენის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე თამარ გვარამაძე.