Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში რუსეთის 140-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს


უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები ქალაქ ბახმუტთან. 2023 წლის 5 მარტი
უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები ქალაქ ბახმუტთან. 2023 წლის 5 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 5 სარაკეტო და 50 საავიაციო დარტყმა და 59 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული 11 უპილოტო საფრენი აპარატიდან 9.

გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 140-ზე მეტი შეტევა, მათ შორის 37 ქალაქ ბახმუტთან მდებარე მხოლოდ ერთ სოფელთან, დუბოვო-ვასილევკასთან.

გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 15 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 8 რაიონი, საჰაერო თავდაცვის 2 საშუალება, საცეცხლე პოზიციებზე მყოფი საარტილერიო ქვედანაყოფი, საბრძოლო მასალების საწყობი და რადიოლოკაციური სადგური. გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი სუ-25.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

XS
SM
MD
LG