Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კანდიდატი წონასწორობას იცავს კარგად" - კომიტეტმა ლევან იოსელიანის კანდიდატურა მოიწონა 


ლევან იოსელიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების" წევრი, სახალხო დამცველობის კანდიდატი
ლევან იოსელიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების" წევრი, სახალხო დამცველობის კანდიდატი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველობის კანდიდატად პლენარული სხდომის წინაშე პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის წარდგენას მხარი დაუჭირა. პარტია „მოქალაქეების" წევრი კანდიდატად ამავე პოლიტიკურმა ჯგუფმა დაასახელა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარდგენილი იქნება პლენარულ სხდომაზე და განხილვის გარეშე იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრებმა დადებითად შეაფასეს იოსელიანის კანდიდატურა.

ბეჟან წაქაძე: „დაგიდასტურებთ ჩემს უღრმეს პატივისცემას თქვენი პიროვნების მიმართ და არჩევის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი საქმიანობა ამ კუთხით იქნება მნიშვნელოვანი".

რიმა ბერაძე: „მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა თქვენი პიროვნების და კანდიდატურის მიმართ. ჩვენი კოლეგიალური ურთიერთობებიდან გამომდინარე, ვიცი თქვენი ხედვა ჩვენი ქვეყნის განვითარების საკითხზე. ვიცი, როგორ გაღელვებთ, გაინტერესებთ და გინდათ, როგორი იყოს მომავალი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და მრავალი ის საკითხი, რომელიც ზოგადად ჩვენს საზოგადოებას აწუხებს".

ლადო კახაძე: „ერთი რამე, რომელიც ჩემი დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, დღეს წარმოდგენილი ჩვენი კანდიდატი წონასწორობას იცავს კარგად. საფრთხე იმისა, რომ დაავადებამ ან აქედან შემოაღწიოს, ან იქიდან, მე ვთვლი ჩემი გამოცდილებიდან, ადამიანების შეცნობით, ეს საფრთხე პრაქტიკულად აცილებული იქნება".

ლევან იოსელიანმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. სახალხო დამცველობის კანდიდატმა უპასუხა „გირჩის" თავმჯდომარის, სახალხო დამცველობის ყოფილი კანდიდატის, იაგო ხვიჩიას ცნობილ შეკითხვას. „მეკუთვნის თუ არა ჩემი სხეული? ამაზე მე და იაგოს კვირები გვაქვს ნაკამათევი. ნამდვილად მე მეკუთვნის ჩემი სხეული, უბრალოდ, ამაზე მეტს ახლა ვერ ვისაუბრებ. იმიტომ, რომ ეს ის საკითხია, რაზეც მე და იაგო დღესაც ვაგრძელებთ პოლემიკას".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ლევან იოსელიანისთვის დასმული შეკითხვები ეხებოდა ფემიციდს, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს.

„ფემიციდის პრევენცია არ არის საკმარისად სტანდარტიზირებული, საკმარისად ეფექტური, როგორიც უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში. ამას ადასტურებს ის შედეგები, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, როდესაც ხშირ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ეფექტურად ვერშეფასებული გარემოებების გამო არის ხოლმე ფემიციდის შემთხვევები. ვფიქრობ, ამას სჭირდება მეტი ძალისხმევა, რომ პრევენცია შედგეს. ეს იქნება ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვაპირებ მუშაობას, იმისათვის, რომ ფემიციდის შემთხვევები გაუტოლდეს ნულოვან ნიშნულს ჩვენს ქვეყანაში", - თქვა იოსელიანმა.

რაც შეეხება რელიგიური გაერთიანებების საკითხს, სახალხო დამცველობის კანდიდატმა თქვა: „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. თავისთავად ტოლერანტობის ცენტრი, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელთან ერთადაც გავაგრძელებ მუშაობას. ზოგადად, ის პრობლემები, რაც აქვთ რელიგიურ ჯგუფებს საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებით, ეს საკითხები უნდა იყოს სახალხო დამცველისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული, რა თქმა უნდა, იმ საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, რაც არსებობს საქართველოში".

ეროვნული უმცირესობების საკითხზე ლევან იოსელიანმა განაცხადა: „ეროვნული უმცირესობების თვალსაზრისითაც მე მქონდა ინიციატივები. მინისტრის საათზე საკმაოდ მწვავედ ვაკრიტიკებდი. მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობდნენ სახელმწიფო ენას, დღემდე უწევთ ფულის გადახდა სახელმწიფო ენის შესწავლაში. ეს არის ჩემი ცალსახა პოზიცია, რომ სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფო ენის უფასოდ სწავლებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობებისთვის".

იოსელიანმა ილაპარაკა პენიტენციური სისტემის საკითხზეც. „სახალხო დამცველი მეტად უნდა იყოს ჩართული პენიტენციურ სისტემაში, მეტად უნდა ხვდებოდეს პატიმრებს, ისმენდეს მათ საჭიროებებს. ეს არის ის საკითხი, რაზეც მე შეიძლება განსხვავებული პრაქტიკა ჩამოვაყალიბო", - თქვა მან.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" წევრმა ნატო ჩხეიძემ ლევან იოსელიანს ჰკითხა, აჯობებდა თუ არა მას კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან?

„რა თქმა უნდა, არიან ჩემზე უფრო გამოცდილი ადამიანები, ჩემზე უფრო მეტი სტაჟით კონკრეტულ უფლებების დარგში მუშაობის გამოცდილებით, საერთოდ არ მაქვს ჩემს თავზე ისეთი წარმოდგენა, რომ ვერ მოიძებნება ქვეყანაში ჩემზე უკეთესი კანდიდატი. დღეს არის ასეთი მოცემულობა, რომ კონსენსუსის ალბათობა არის ჩემ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტი, ვიდრე სხვა კანდიდატის შემთხვევაში", - განაცხადა იოსელიანმა.

კომიტეტის სხდომის შემდეგ იოსელიანმა უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას - 17 მაისის და 5 ივლისის აქციებზე იყო ძალადობა, თქვენი მხარდაჭერა თუ ექნებათ იმ ჯგუფებს, რომლებიც მართავდნენ აქციას და შეიძლება თუ არა წარმოგიდგინონ მხარდამჭერად?

„ეს არის ის შეკითხვა, რომელზეც პასუხი მარტივია. როდესაც ძალადობას აქვს ადგილი, სახალხო დამცველის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ გამოვიდეს, დაიცვას ნებისმიერი ჯგუფი, ვის მიმართაც ხორციელდება ძალადობა. ასე რომ, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს", - უპასუხა ლევან იოსელიანმა.

უკვე ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა გასული წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. მას შემდეგ ომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.

განახლება

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად „ქართულმა ოცნებამ" ლევან იოსელიანს მხარდაჭერა გამოუცხადა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა 7 მარტს არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG