პოლიციელი, რომელიც 2 მარტს პარლამენტის შენობის წინ დაკავებულ საქმეებზე წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს, ფიქრობს, რომ მოქალაქე არ უნდა შეეწინააღმდეგოს სამართალდამცავს მაშინაც კი, თუ ვინმეს არაკანონიერად აკავებს. ამის შესახებ პოლიციელმა ისაუბრა 3 მარტის სხდომაზე, როცა მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი იმედა კლდიაშვილის დაკავებაზე მსჯელობდა.
კლდიაშვილი ამბობდა, რომ შეესწრო ფაქტს, როცა პოლიცია აქციის მონაწილეებს მხოლოდ იმის გამო აკავებდა, რომ პარლამენტის დეპუტატებს "მონას" ეძახდნენ.
"თუ არაკანონიერად აკავებდნენ, მოქალაქეს რა უფლება აქვს, რომ ჩემს იმაში ჩაერიოს. განიხილება და მიიღებენ შესაბამისი... ამიტომ, პოლიცია როცა მიიღებს გადაწყვეტილებას, თქვენ არ უნდა ჩაერიოთ", - თქვა სასამართლო სხდომაზე პოლიციელმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა.
ფრაგმენტი სასამართლო სხდომიდან
იმედა კლდიაშვილი: თქვენ ხომ ბრძანეთ, რასაც მე ვეწინააღმდეგებოდი, თუ ის არ არის დანაშაული და ტყუილად აკავებენ მოქალაქეს, სხვა მოქალაქეს შეუძლია თუ არა შეეწინააღმდეგოს ამ არასწორ დაკავებას?
მოსამართლე: მხოლოდ მონას უძახდა?
იმედა კლდიაშვილი: კი. სიჩუმე იყო. ამ ბიჭმა, ძალიან სიჩუმეა, მოდი, "გავახუროთო" და "მონებო, გამოდითო". ეგ იყო.
მოსამართლე: თქვენ აღნიშნეთ, რომ პიკეტირებასაც ახორციელებდით.
იმედა კლდიაშვილი: არა, კაცო. იმაზე [ტროტუარზე] ვიყავით.
პოლიციელი: მაღალზე იყვნენ.
იმედა კლდიაშვილი: ეს ბიჭი დააკავეს და მეც დამაკავეს ტროტუარზე. ტროტუარზე ვიდექით, გზა თავისუფალი იყო, ყველა მიდიოდა და მოდიოდა. ოღონდ შეძახილების ფონზე მოუწევდათ გავლა. ეგ იყო და ეგ. ხოდა, თუ არაფრის გამო იჭერთ ხალხს, მე მგონია, რომ მოქალაქეს აქვს შეწინააღმდეგების უფლება.
პოლიციელი: ფიზიკურად შეწინააღმდეგების უფლება... ხელის შეშლის უფლება არ გაქვთ. არის ზემდგომი ორგანოები, სადაც შეგიძლიათ მიმართოთ...
იმედა კლდიაშვილი: [პოლიციელებმა] ყბა ჩამიტეხეს, ეს საქმე ახლაც დევს და არავის გამოუძიებია. ვინ რას გამოიძიებს, კარგით, რა?!.
2 მარტს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე განიხილებოდა საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტები, რომლითაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები "უცხოური გავლენის აგენტთა" რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. პარლამენტთან შეკრებული ხალხი ამ კანონპროექტის შინაარსს აპროტესტებდა, მას "რუსულ კანონს" უწოდებდა და პარლამენტის დეპუტატებს, ვინც ამ დოკუმენტს მხარს უჭერდა, "მონად" მოიხსენიებდა.
პოლიციამ იმ დღეს 36 ადამიანი დააკავა. მათ შორის ორი ჟურნალისტი.