Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამნიძე: ვინც [აგენტების შესახებ] ინიციატივას ხელი მოაწერა, ხართ პუტინისტები


ხათუნა სამნიძე
ხათუნა სამნიძე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტში მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უწოდა პუტინისტები, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების დაძაბული განხილვისას.

„ვინც ამას ხელი მოაწერა, თითოეული თქვენგანი ხართ პუტინისტები, ამ ქვეყნის მტრები, ამ ქვეყნის წინააღმდეგ რომ გააკეთებთ ყველაფერს. ნოლი გაქვთ პოლიტიკური ნება. რაც დაგიწერეს, იმას აკეთებთ და სულ ფეხებზე გკიდიათ ყველაფერი, რაც ხდება“, - განაცხადა სამნიძემ საგარეო ურთიერთობისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე.

მისივე თქმით, ქვეყნის გარეთ „არცერთი ორგანიზაცია არ დარჩენილა“, რომელმაც ეს კანონპროექტი ევროპისთვის ზურგის შექცევად არ შეაფასა.

„აგენტები უნდა უწოდო ადამიანებს, რომლებიც 30 წელზე მეტია შრომობენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეხმარებიან და ისინი არიან მტრები და აგენტები?!“ - თქვა სამნიძემ.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა - ეს კანონპროექტი სახელწოდებით "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ", პარლამენტში 27 თებერვალს დარეგისტრირდა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".

XS
SM
MD
LG