უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე ყველაზე მძიმე სიტუაცია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტშია. შექმნილ ვითარებაზე ზელენსკიმ 28 თებერვალს, ღამით ილაპარაკა უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას, რომელსაც წინ უძღოდა მისი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელებთან და ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით მებრძოლი დაჯგუფებების სარდლებთან.
ზელენსკის განცხადებით, ბახმუტის რაიონში ბრძოლები სულ უფრო ინტენსიური ხდება. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, სამხედრო მეთაურებთან წინა შეხვედრის შემდეგ, რომელიც გასულ ხუთშაბათს გაიმართა, მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით მოკლულია 800-მდე რუსი სამხედრო. როგორც ზელენსკიმ თქვა, რუსეთი ადამიანების დანაკარგს არაფრად აგდებს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე განუწყვეტელი შეტევებისთვის აგზავნის. უკრაინა საკუთარ დანაკარგებს საჯაროდ არ ასახელებს.
ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებით არსებული სიტუაციის და ლოგისტიკის საკითხების განხილვის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებს ამზადებენ მორიგი აქტიური მოქმედებებისთვის უკრაინული მიწების გასათავისუფლებლად.
- რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" არაერთი თვეა უშედეგოდ ცდილობენ სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე, რომელიც კრემლს სჭირდება იმის გამოსაცხადებლად, რომ დონბასი მთლიანად დაიპყრო.
- 2023 წლის 24 თებერვალს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. რუსეთს ოკუპირებული აქვს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ნაწილი, რომელიც 2022 წლის 30 სექტემბერს საკუთარ ტერიტორიებად გამოაცხადა.
- 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია ყირიმის ნახევარკუნძულიც.