Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილი სახალხო დამცველობის კანდიდატად თანაპარტიელს ასახელებს


ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი
ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია "მოქალაქეებიდან", სახალხო დამცველობის კანდიდატად თანაგუნდელს, დეპუტატ ლევან იოსელიანს ასახელებს. თანაპარტიელის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა დღეს, 27 თებერვალს.

"ერთ-ერთი მთავარი პუნქტი არის სახალხო დამცველის კანდიდატთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა. ვიცით, რომ ვერცერთი პარტია, ყველაზე დიდი პარტიაც კი, დამოუკიდებლად ვერ შეძლებს კანდიდატის გაყვანას. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ პირველი მცდელობა ამაო იყო...

რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ჩვენთვის და ჩვენი პარტიისთვის, მე მინდა, წარვადგინო ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის კანდიდატად. გარკვეული კონსულტაცია გვქონდა როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე მმართველ პარტიასთან. ზოგადად, ლევანის გამოცდილება და პიროვნება - ის იყო ადვოკატი, სანამ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა. ადამიანის უფლებები უცხო არ არის", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

2022 წლის 8 დეკემბრის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი არ ჰყავს. სწორედ ამ დროს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა ნინო ლომჯარიას. ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.

გამჭვირვალე პროცესის შედეგად ომბუდსმენის პოსტზე დამოუკიდებელი კანდიდატის დანიშვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. გასული წლის 22 დეკემბერს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უყარა კანდიდატებს, მაგრამ სახალხო დამცველი ვერ აირჩია. წარდგენილი 19 კანდიდატიდან ყველა ჩავარდა.

XS
SM
MD
LG