გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ სესიაზე მიიღო რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის მოთხოვნით. რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაეროს წევრი 193 სახელმწიფოდან 141-მა, მათ შორის საქართველომ.
7 ქვეყანა წინააღმდეგი იყო. 32-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელარუსმა, სირიამ, ჩრდილოეთ კორეამ, ერითრეამ, ნიკარაგუამ და მალიმ. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც თავი შეიკავეს, არიან ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, სომხეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.
13 ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანის, თურქმენეთის და ვენესუელის წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
რეზოლუციის თანახმად, გაერო მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან, რომელიც მოიცავს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებს.
რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას გაეროს წესდების პრინციპების დაცვისკენ, რადგან ეს არის უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობის საფუძველი. გაერო ადასტურებს ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რეზოლუციაში საუბარია მხარეთა მიერ საერთაშორისო სამართლის დაცვის აუცილებლობაზე, მათ შორის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობისა და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის მხრივ. რეზოლუციით გაერო მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს თავდასხმები უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე და სამოქალაქო ობიექტებზე - საცხოვრებელ სახლებზე, სკოლებსა და საავადმყოფოებზე.
გაერო აუცილებლად მიიჩნევს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიების გზით პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინა.
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესია 22-23 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავის წინ ჩატარდა.
- რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
- პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".
- 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
- უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.