Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ნულოვანი წელი


2014 წელს, ყირიმის ანექსიიდან სულ რამდენიმე თვეში, WIN/GALLUP-მა ჩაატარა გამოკითხვა 64 ქვეყანაში. გამოკითხულთა 61%-მა განაცხადა, რომ მზად იყო ებრძოლა თავისი ქვეყნისათვის, ხოლო 27%-მა - არა. ყველაზე მაღალი დადებითი პასუხი დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში (83%) და ყველაზე დაბალი - დასავლეთ ევროპაში (25%).

„თუ ევროპის დემილიტარიზაცია - როდესაც საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება სამხედრო ძალას და მასთან დაკავშირებულ რისკებს - გახლდათ ნამდვილი კურთხევა მე-20 საუკუნეში, 21-ე საუკუნეში ის გადაიქცა რეალური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების დაბრკოლებად.“ - ასეთ დასკვნას გამოიტანს რობერტ გეიტსი (თავდაცვის მინისტრი ბუშისა და ობამას ადმინისტრაციაში 2006-11 წწ) ევროპელ კოლეგებთან ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგ.

ამ ომის ერთ-ერთი თავისებურება მდგომარეობს ზუსტად იმაში, რომ მან წაშალა გარკვეული საზღვრები მე-20 და 21-ე საუკუნეებს შორის. ყოველ შემთხვევაში, ევროპული აქსიომა „ჩვენს მიწაზე ომი შეუძლებელია“, ევროპულ ოქსიმორონად იქცა. დღეს კიდევ ერთხელ ხდება აქტუალური რომენ როლანის მიერ 1938 წელს, მიუნხენის კრიზისის დროს დაწერილი სიტყვები „მშვიდობა მხოლოდ მათ ეძლევათ, ვისაც აქვთ გამბედაობა და ნება დაიცვან ის.“

„ყველაზე დიდი ცვლილება (მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ) არის ის, რომ ევროპამ აღმოაჩინა, რომ ის ზესახელმწიფო ყოფილა და არ იცოდა ეს. (...) ევროპა გახდა წამყვანი გეოპოლიტიკური გმირი, მისი ლიდერების და მათი მხარდამჭერების მზაობის წყალობით, სწრაფად იმოქმედონ უპრეცედენტო გზებით, რათა შექმნან ისეთი კოალიცია, როგორიც აქამდე არც კი გვინახავს“. თუკი მოის ნაიმის (მსოფლიო ბანკის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და Foreign Policy-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი) ეს სიტყვები მართალია, მხოლოდ უკრაინელების გმირობის წყალობით დაიბრუნა ევროპამ ბრძოლის უნარი.

დღეს ევროპის მოქალაქეების უმეტესობა თავის პრიორიტეტად თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას აცხადებს. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა გაზარდა ევროკავშირის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა - უფრო და უფრო მეტი ევროპელი ითხოვს უფრო მეტ ევროპას ევროპაში.

1991 წელს ევროპას სჯეროდა, რომ მისი ძალისხმევით რუსეთი რადიკალურად გარდაიქმნებოდა. მაგრამ დღეს სწორედ ევროპა იცვლება. დღეს ევროკავშირი ხარჯავს მილიარდებს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად, გერმანია გადაწყვეტს, მასიური ინვესტიცია განახორციელოს თავდაცვაში (დამატებით 100 მილიარდი ევრო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში), პოლონელები სამხრეთ კორეასთან ხელს აწერენ გიგანტურ კონტრაქტებს ტანკებისა და ჰაუბიცების შესაძენად და ფინეთი და შვედეთი იწყებენ ნატოში გაწევრიანების პროცესს, იმ ნატოში, რომელიც ერთი წლის წინ ევროპის ზოგიერთ ლიდერს „კომაში“ მყოფი ეგონა.

ძველი შიშები, რომ ზოგიერთ მართლმადიდებელ ქვეყანას (საბერძნეთი და ბულგარეთი) შესაძლოა კრემლის თამაში ეთამაშა, არ გამართლდა. მოკლედ, ევროპას ისტორია „ეწია“ - ევროპის ცენტრალურობა გლობალურ გეოპოლიტიკაში კვლავ დღის წესრიგში დადგა. ეს ევროპისათვის გარდამტეხი მომენტია, რადგან დაიბადა ევროკავშირის გეოპოლიტიკური ლოგიკა. არა ბრიუსელმა, პარიზმა ან ბერლინმა, არამედ კიევმა შეუწყო ხელი იმას, რომ დასავლეთი დარწმუნებულიყო საკუთარ ძალაში. განცდა, რომ ევროპელები საერთო ბედით არიან გაერთიანებული, განმტკიცდა არა ბრიუსელის, პარიზის ან ბერლინის, არამედ კიევის წყალობით.

მაშ რატომ არ გავბედოთ 2022-ს ევროპის ნულოვანი წელი ვუწოდოთ? რობერტო როსელინის ბერლინის ნანგრევებში გადაღებულ ფილმში „გერმანია, ნულოვანი წელი“ ახალგაზრდა გერმანელი ამბობს: „ნაციონალ-სოციალისტებამდე ჩვენ ადამიანები ვიყავით, ახლა მხოლოდ ნაცისტები ვართ“. ამ იტალიელ რეჟისორს დღეს ფილმი ევროპაში რომ გადაეღო, ალბათ იტყოდა: „2022 წლის 24 თებერვლამდე ჩვენ ყველა იდეალისტები ვიყავით. დღეს ჩვენ მხოლოდ რეალისტი ევროპელები ვართ“.

თუმცა, ევროპა არა მხოლოდ უფრო ძლიერი და უფრო კონსოლიდირებული გახდა, არამედ ჩვენ მოწმენი ვართ მის შიგნით ძალების გაწონასწორებისა.

„ამ ომის ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ ჩვენ უნდა მოგვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს“ - აღიარებს ურსულა ფონ დერ ლაიენი 2022 წლის 14 სექტემბერს. და მართლაც, ომმა დაადასტურა, რომ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები მართალნი იყვნენ, როდესაც უდაბნოში ღაღადებდნენ რუსეთზე, Nord Stream 2-ზე, ევროპის უსაფრთხოებაზე და სამხედრო ძალების მნიშვნელობაზე.

წიგნში „1945, ომის შემდგომი ევროპის ისტორია“, ტონი ჯადტი ორჯერ იყენებს სიტყვა „კონდომინიუმს“ - წიგნის დასაწყისში და ბოლოს. და ყოველ ჯერზე ეს სიტყვა აღწერს იმ დომინაციას, რომელსაც ფრანგულ-გერმანული წყვილი ახორციელებდა ან ახორციელებს ევროკავშირზე. ფრანგების და გერმანელების მიერ უკრაინელების ძალიან მოკრძალებული დახმარების ფონზე „კონდომინიუმების“ პერიოდი წარსულს ჩაბარდა ევროპაში. პარიზისა და ბერლინის ორჭოფობა უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე, პოლონეთისა და ბალტიის რესპუბლიკების თავდადებული და მასიური დახმარების ფონზე, ამ უკანასკნელებს დიდ მორალურ უპირატესობას ანიჭებს. თუ აქამდე პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ევროკავშირში მეორეხარისხოვანი წევრების როლში იმყოფებოდნენ, რომლებსაც ბრიუსელი, ბერლინი და დასავლეთ ევროპის სხვა დედაქალაქები ლექციებს უკითხავდნენ მათი „მორალური სიმაღლის“ გადმოსახედიდან, დღეს ვარშავას, ტალინსა თუ ვილნიუსს აქვთ მორალური უპირატესობა რომზე, ბერლინსა თუ პარიზზე და არ ერიდებიან „ძველი“ ევროპელების ღიად გაკიცხვას.

შარშან ვერსალში ჩატარებული ევროსამიტის შემდეგ უკვე ნათლად გამოიკვეთა ძალების ახალი თანაფარდობა ევროკავშირის შიგნით. პოლონეთის გადაწყვეტილება სამხედრო ბიუჯეტს 4% დაუთმოს, რაც სავარაუდოდ ვარშავას ევროპის წამყვან სამხედრო ძალად აქცევს, პოლონეთის მოსახლეობის სიდიდე (ევროპაში მეხუთე) და ამ ომის დროს დაგროვილი მორალური კაპიტალი, პოლონეთს ევროპის მძიმეწონიანების კატეგორიაში გადაიყვანს. და ის ფაქტი, რომ ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ბაიდენი საკუთარ ვიზიტს ვარშავაში (და არა ბრიუსელში) დაგეგმავს, ამის ერთ-ერთი დასტურია. როგორც ერთი პოლონელი პოლიტოლოგი აღნიშნავს, თუ აქამდე ევროპა West Side Story-ს უყურებდა, ახლა East Side Story-ს მზერის დრო დადგა...

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG