Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიკოთის უღელტეხილის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შეფერხებულია


რიკოთის უღელტეხილი.
რიკოთის უღელტეხილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე „ადმინისტრაციული შეჯახების" გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც პრესცენტრში თქვეს, ამჟამად გზა სატვირთო მანქანებისგან თავისუფალია, თუმცა მოძრაობის სრულად აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ავტოავარიაში ორი სატვირთო მანქანა მოჰყვა.

მოძრაობას აფერხებს ძლიერი თოვაც. ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ მაშინვე გააფრთხილეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები.

„დასავლეთ საქართველოში ძლიერი თოვისა და უამინდობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის უღელტეხილის გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებით ხორციელდება. გზა პარალელურ რეჟიმში იწმინდება, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება ხდება დაბალი სიჩქარით.

ჩვენ მიერ მყისიერად იქნა გაფრთხილებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რათა გზებზე შექმნილი ვითარების გამო, დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან.

აღნიშნული შეეხება გამთენიისას დაგეგმილ რეისებს: ათენის რეისზე რეგისტრაციის დასრულების დრო 05:30 საათია, ბერლინის რეისზე კი- 06:00. გვსურს განვმარტოთ, რომ რეგისტრაციისა და ჩასხდომის დაწყება/დასრულების დროს საზღვრავს და მკაცრად რეგულირდება ავიაკომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი განრიგების შესაბამისად", - ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაში.

აეროპორტი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მიაწოდა ავიაკომპანია Wizz Air-ს.

„შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კოორდინაციაში ვიმყოფებით შესაბამის უწყებებთან - საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, საპატრულო პოლიციასთან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ და გზის გახსნის შემთხვევაში უპირველესად ქუთაისის აეროპორტისკენ მომავალ ავტობუსებს და მსუბუქ ავტომობილებს გაატარებენ.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენეთ ავიაკომპანია Wizz Air. რადგან შექმნილი ფორსმაჟორული ვითარების გამო, დაგვიანების შემთხვევაში, არ დაზარალდნენ მგზავრები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG