Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისადმი პროტესტის ნიშნად, ეუთოს წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებმა, დატოვეს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა


მრავალმა დელეგატმა პროტესტის ნიშნად დატოვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა
მრავალმა დელეგატმა პროტესტის ნიშნად დატოვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა

ხუთშაბათს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზი 19-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა დატოვეს პროტესტის ნიშნად მას შემდეგ, რაც სესიაზე გამოჩნდნენ რუსეთის დელეგაციის ის წევრები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან.

როდესაც ეუთო-ში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ვლადიმერ ჯაბაროვი, შეხვედრაზე სიტყვის სათქმელად ემზადებოდა, შეკრებილთა დიდი ნაწილი ადგა და დარბაზი დატოვა, ნაწილს ხელში ეჭირა უკრაინის დროშები.

პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ეუთოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ. მათ შორის საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, რომელმაც საარლამენტო ასამბლეის წევრებს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორცილებული აგრესია გაახსენა.

„სამწუხაროდ 2008 წელს, როდესაც საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლად იქცა და უხეშად იქნა ხელყოფილი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ შეძლო ისეთი პასუხის გაცემა, რაც ევროპას მსგავსი ქმედებისგან დაიცავდა. დღეს ჩვენ ერთ ხმაში და მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ევროპაში არ არის ბრუტალური სამხედრო მოქმედებების ადგილი; ვერავინ უნდა შეაშინოს და დასაჯოს სახელმწიფოები თავიანთი სუვერენული უფლებისათვის, თავადვე აირჩიონ საკუთარი მომავალი. ჩვენ სრული უფლება გვაქვს შევქმნათ ჩვენი საკუთარი მომავალი. რუსეთი უნდა შეჩერდეს და მას არ უნდა მიეცეს უფლება, რომ ძირი გამოუთხაროს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას, ხოლო მის აგრესიულ პოლიტიკას, ჩვენი ერთიანობით და შეთანხმებული ქმედებით უნდა ვუპასუხოთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის მიწვევის გამო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ბოიკოტი გამოუცხადეს და სესიას არ დაესწრნენ უკრაინელი და ლიეტუველი დელეგატები.

ეუთოს მასპინძელმა ქვეყანამ, ავსტრიამ განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციას "საერთაშორისო სამართლით" ნაკისრი ვალდებულებების გამო ვერ აუკრძალავდა ჩასვლას, რადგან ეუთოს შტაბ-ბინა ვენაში აქვს.

"თარიღი ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ჩვენ გვჭირდება პლატფორმები. ეუთო არასოდეს ყოფილა თანამოაზრე ადამიანების ორგანიზაცია", - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა.

ორმა მაღალი რანგის ამერიკელმა კანონმდებელმა განაცხადა, რომ ავსტრიამ შეცდომა დაუშვა, როცა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შეხვედრაზე დასასწრებად ვიზები გასცა რუსეთის დელეგაციას, რომლის ყველა წევრი ევროკავშირის სანქციების სიაშია უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.

  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ორჯერ შეიკრიბა: ივლისში ინგლისის ქალაქ ბირმინგემში და ნოემბერში - პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში. რუსეთის დელეგაციას ორივეჯერ უარი უთხრეს ვიზებზე.
  • ჰელსინკის კომისიამ აღნიშნა, რომ აშშ-მა და ევროპის კავშირმა სანქციები დაუწესეს „რუსეთის დელეგაციის ყოველ ცალკეულ წევრს იმისთვის, რომ მან ღიად დაუჭირა მხარი ვლადიმირ პუტინის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და მის განცხადებას უკრაინის მსხვილი ტერიტორიების ანექსიის თაობაზე“.
  • ეუთო ცდილობს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბოლომდე არ გაწყვიტოს მოსკოვთან კავშირები
XS
SM
MD
LG