Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაკაიძე: მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს შეურაცხყოფისთვის


საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე.
საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე.

პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე განცხადებით გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელიც უკავშირდება „უცხოური გავლენის აგენტის" შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის" კანონპროექტს.

„ქართულმა ოცნებამ" გააძლიერა საქართველოში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება. „ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს უკავშირებს, თითქოსდა ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმს.

ამ განცხადებით „ქართული ოცნება", კერძოდ, ბატონი მდინარაძე, მართლაც და ამ რუსული კანონის გატანის მცდელობით მიზანმიმართულად ეწევა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივებას.

რას ნიშნავს რადიკალური ისლამი? თუ არსებობენ ქვეყანაში ადამიანები ვინც ძალადობრივ ქმედებებს სჩადიან ან მოუწოდებენ, რას აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური. მდინარაძის ეს განცხადება ემსახურება ქვეყანაში ისლამოფობიის გაღვივებას და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის დისკრედიტაციას. სწორედ ეს არის ჩვენი შიშები ამ კანონის მიღების შემდეგ, ხელისუფლების ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციები გამოაცხადონ აგენტებად და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეზღუდონ მათი საქმიანობა.

აქამდე თუ საქართველოს მუსლიმი საზოგადოების ძალადობრივ ნაწილად წარმოჩენა ხელისუფლების თვითმიზანი იყო, ახლა უკვე მას „ქართული ოცნება" ინსტრუმენტად იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. პირველ რიგში, მუსლიმი თემის ინტერესია, რომ მის წიაღში არ ხდებოდეს ძალადობისკენ მოწოდება და რადიკალურ ექსტრემისტული ჯგუფების ორგანიზება, რადგან მოძალადე და ექსტრემისტი არ არჩევს მუსლიმს და არა მუსლიმს", - ვკითხულობთ ნაკაიძის განცხადებაში.

დეპუტატი მიმართავს „ხალხის ძალის" წევრს სოზარ სუბარს და მისგან განმარტებას მოითხოვს.

„მინდა მივმართო ამ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, სოზარ სუბარს, განმარტოს თავისი თანაგუნდელის მიერ წარმოთქმული ტერმინი, რას ნიშნავს რადიკალური ისლამიზმი. ეთანხმება თუ არა ასეთ გამოთქმებს. მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ასეთი შეურაცხყოფისთვის.

„აისისის" მუქარის ადრესატი არა ერთხელ გავმხდარვარ. თუ საქართველოში ფინანსდებიან ექსტრემისტული მოძრაობები, რასაც ისლამთან საერთო არაფერი აქვს, მაშინ როგორ მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?" - აღნიშნავს ნაკაიძე.

პარლამენტის წევრი კანონმდებლობით გათვალისწინებული სადეპუტატო კითხვით მიმართავს შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს.

„ჩემი მანდატის ფარგლებში უფლება მაქვს ვიცოდე და კატეგორიულად მოვითხოვო, სადეპუტატო კითხვით მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რა ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებენ ქვეყანაში, რომელსაც მდინარაძე რადიკალურ ისლამიზმს ეძახის?

თუმცა ყველაფერი ნათელია, „ქართულ ოცნებას" საქართველოს კონტექსტში რადიკალურ ისლამზე საუბარი სჭირდება რუსული კანონის გასატანად", - აცხადებს ნაკაიძე.

„უცხოური გავლენის აგენტის" შესახებ კანონპროექტზე საუბრისას 21 თებერვალს მამუკა მდინარაძემ ახსენა „რადიკალური ისლამიზმი".

„არ არის ეს მარტივი ამბავი, რომ ასე მაინცდამაინც მარტო დასავლეთიდან წამოსული დაფინანსება. ჩრდილოეთიდანაც არის, სამხრეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც. ბევრი რაღაცები არ გვინდა ხოლმე ჩვენ ვთქვათ ამასთან დაკავშირებით. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი. მაგალითისთვის, რადიკალური ისლამიზმის რაღაც თეორიების და მიმდევრობების დაფინანსებები რომ ხდება ამ ქვეყანაში, ხომ ყველამ კარგად ვიცით ეს ყველაფერი. ანუ რატომ იმაზე არ ვლაპარაკობთ არავინ. მაინცდამაინც დასავლეთს მიახტებიან ხოლმე და იქიდან დაფინანსებულებს უფრთხისო ხელისუფლება. რადიკალური ისლამიზმის რაღაცა მიმდევრობებს და კონცეფციებს რომ აფინანსებენ ამ ქვეყანაში და კაციშვილმა არ იცის, საიდან რა ფული შემოდის და რა ფინანსდება, რისი პროპაგანდა მიდის მასებსა და სიღრმეებში, ამაზე რატომ არ ვლაპარაკობთ. მაგრამ, ამის მიუხედავად, არცერთი შეზღუდვა არ არის“, – მდინარაძის კომენტარს „იმედი" ავრცელებს.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

XS
SM
MD
LG