საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აკრიტიკებს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე, 24 თებერვალს თბილისში აქცია დაგეგმეს, თვითონ კი კიევში წავიდნენ. პაპუაშვილმა ეს პარაზიტობად შეაფასა.
"ამ აქციის ორგანიზატორები საქართველოში არ არიან და მათ შორის, რამდენიმე დეპუტატი ვიცი, რომ მივლინებაში გაემგზავრა ქვეყნის მიღმა. ამიტომ, ეს აჩვენებს რამდენად სერიოზულად უყურებენ ისინი ქართველ ხალხს, რომელსაც მოუწოდებენ აქციაზე მისვლისკენ და თავად ორგანიზატორები არ არიან საქართველოში...
რაც შეეხება იქ წასვლას, დღეს ბევრია, მათ შორის, ქართულ პოლიტიკაში, რომელიც პარაზიტობს უკრაინაზე. პარაზიტობაა, როდესაც ცდილობ ეს ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. როდესაც აქ აანონსებ აქციას და შემდეგ მიდიხარ უკრაინაში იმისთვის, რომ იქ თავი გამოიჩინო და იქიდან პირდაპირი ჩართვები განახორციელო და იპარაზიტო უკრაინის ომის თემაზე", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ხვალ, 24 თებერვალს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციაა დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორები "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია და "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არიან.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის ერთი წლის განმავლობაში რუსეთი ბომბავს უკრაინაში არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებსაც.
უკრაინის მხრიდან ოფიციალური განცხადებები ან მოწოდებები საქართველოში ან საქართველოდან ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, კიევი, სხვა ქვეყნების მსგავსად, კონკრეტულ დახმარებას სთხოვდა საქართველოსაც და ეს თხოვნები მეტწილად უპასუხოდ დარჩა.
ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი, დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განასხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან.