საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ საქართველო, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია, შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინის დასახმარებლად მაქსიმუმს აკეთებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქართველ იუნკერთა ხსოვნის აღნიშვნის დროს, დღეს, 23 თებერვალს განუცხადა.
"ყველამ, მათ შორის, ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა გაიაზროს კარგად, რომ საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ამ რეალობიდან გამომდინარე ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინის დახმარების თვალსაზრისით და ამავდროულად, რა თქმა უნდა, არ გავზარდოთ რისკები კიდევ ახალი კონფლიქტის წარმოშობის ჩვენს ქვეყანაში", - თქვა თავდაცვის მინისტრმა.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის ერთი წლის განმავლობაში რუსეთი ბომბავს უკრაინაში არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებსაც.
უკრაინის მხრიდან ოფიციალური განცხადებები ან მოწოდებები საქართველოში ან საქართველოდან ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, კიევი, სხვა ქვეყნების მსგავსად, კონკრეტულ დახმარებას სთხოვდა საქართველოსაც და ეს თხოვნები მეტწილად უპასუხოდ დარჩა.
ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი, დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განასხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან.