Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაასახელა „ბირთვული ტრიადის“ განმტკიცება


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიმართავს ფედერალურ კრებას. მოსკოვი, 2023 წლის 21 თებერვალი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიმართავს ფედერალურ კრებას. მოსკოვი, 2023 წლის 21 თებერვალი

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაასახელა „ბირთვული ტრიადის“, ანუ ბირთვული იარაღით აღჭურვილი საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სტრატეგიული შეიარაღებული ძალების შემდგომი განმტკიცება.

23 თებერვალს, „სამშობლოს დამცველთა დღისადმი“ მიძღვნილ მიმართვაში, რომელიც კრემლის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული, პუტინი აცხადებს, რომ წელს საბრძოლო მორიგეობას შეუდგებიან „მძიმე რაკეტით“ აღჭურვილი ახალი სარაკეტო კომპლექსების, „სარმატის“ პირველი გამშვები დანადგარები, გაგრძელდება ზებგერითი საჰაერო-სარაკეტო კომპლექსების, „კინჟალის“ წარმოება და მასობრივად დაიწყება სტრატეგიული ძალებისთვის ზებგერითი საზღვაო რაკეტების, „ცირკონის“ მიწოდება.

პუტინის თანახმად, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში ახალი ატომური წყალქვეშა კრეისერის, „იმპერატორ ალექსანდრ მესამის“ მიღებით, სტრატეგიული საზღვაო ბირთვული ძალების თანამედროვე იარაღის და ტექნიკის წილი 100%-ს მიაღწევს და უახლოეს წლებში ფლოტი შეივსება კიდევ სამი ასეთი კრეისერით.

21 თებერვალს, ფედერალური კრებისადმი მიმართვისას პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულების მოქმედებას, თავდაცვის სამინისტრომ კი უნდა უზრუნველყოს ბირთვული იარაღის გამოცდისთვის მზადყოფნა. 22 თებერვალს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ ერთხმად დაამტკიცეს კანონპროექტი ხელშეკრულების შეჩერების შესახებ.

პუტინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ უკრაინის მხარდამჭერ დასავლეთს რუსეთის სტრატეგიული მარცხი სურს და ამასთან, "მიძვრებიან" რუსეთის ბირთვულ ობიექტებზე. როგორც პუტინმა თქვა, რუსეთი ხელშეკრულებას არ ტოვებს, მის მოქმედებას აჩერებს და ბირთვულ იარაღსაც იმ შემთხვევაში გამოცდის, თუ ამას აშშ გააკეთებს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით.

  • აშშ-რუსეთის ხელშეკრულება, რომელიც პუტინმა შეჩერებულად გამოაცხადა(СНВ-3), 2010 წელს გაფორმდა და ძალაში 2011 წელს შევიდა.
  • ამერიკელების მიერ New START-ად წოდებული ამ დოკუმენტის საფუძველზე შემცირდა ორივე ქვეყნის არსენალში არსებული ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები და განისაზღვრა ურთიერთკონტროლის მექანიზმები.
  • 2021 წელს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წლით გაგრძელდა.
XS
SM
MD
LG