კიევში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტის დროს, 20 თებერვალს, რუსეთმა წარუმატებლად გამოცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“, რომელსაც დასავლეთში „სატანას“ უწოდებენ. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს აცნობა შეერთებული შტატების ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
წყაროების თანახმად, აშშ რუსეთისგან წინასწარ იყო ინფორმირებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ და მას ვაშინგტონი არ განიხილავდა საფრთხედ, ანომალიად და ესკალაციად.
CNN-ის რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ „სარმატის“ წარმატებით გამოცდის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამ ფაქტის მნიშვნელობას ხაზს გაუსვამდა 21 თებერვალს, ფედერალური კრებისადმი მიმართვისას. პუტინს რაკეტის გამოცდის შესახებ არაფერი უთქვამს.
ფედერალური კრებისადმი მიმართვისას პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულებაში მონაწილეობას, თავდაცვის სამინისტრომ კი უნდა უზრუნველყოს ბირთვული იარაღის გამოცდისთვის მზადყოფნა. პუტინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ დასავლეთს რუსეთის სტრატეგიული მარცხი სურს და ამასთან, "მიძვრებიან" რუსეთის ბირთვულ ობიექტებზე.
პრეზიდენტ პუტინის თანახმად, რუსეთი ხელშეკრულებას არ ტოვებს, მის მოქმედებას აჩერებს და ბირთვულ იარაღსაც იმ შემთხვევაში გამოცდის, თუ ამას აშშ გააკეთებს.
- აშშ-რუსეთის ხელშეკრულება, რომელიც პუტინმა შეჩერებულად გამოაცხადა(СНВ-3), 2010 წელს გაფორმდა და ძალაში 2011 წელს შევიდა.
- ამერიკელების მიერ New START-ად წოდებული ამ დოკუმენტის საფუძველზე შემცირდა ორივე ქვეყნის არსენალში არსებული ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები და განისაზღვრა ურთიერთკონტროლის მექანიზმები.
- 2021 წელს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წლით გაგრძელდა.