Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენმა „დასანანი და უპასუხისმგებლო“ უწოდა პუტინის განცხადებას ახალი START-ის ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერებაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „დასანანი და უპასუხისმგებლო“ ნაბიჯი უწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოსკოვი შეაჩერებს მონაწილეობას ვაშინგტონთან ხელშეკრულებაში სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ (ე.წ. ახალი START-ი).

ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები ყურადღებით მიადევნებს თვალ-ყურს რუსეთის რეალურ მოქმედებებს და მზადაა, მიიღოს ზომები საკუთარი თავისა და თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ნებისმიერ მომენტში მზად არის დაუბრუნდეს რუსეთთან მოლაპარაკებებს შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე.

პუტინის განცხადება დაგმო ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც. მისი სიტყვებით, რუსეთი შეგნებულად ანგრევს საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ მოსკოვი ახდენს ცივი ომის დასრულების შემდეგ შექმნილი უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟს. მსგავსი ბრალდებები წაუყენა დასავლეთს პუტინმა თავის დღევანდელ მიმართვაში ფედერალური კრებისადმი.

ახალი START-ის შეთანხმება 2010 წელს იქნა მიღწეული. მისი მოქმედების ვადა 2026 წლის თებერვლამდეა. ის ითვალისწინებს განთავსებული საბრძოლო ქობინებისა და მათი მატარებლების რაოდენობის შეზღუდვას როგორც აშშ-ში, ისე რუსეთში, ასევე ერთმანეთის შემოწმებას და კონსულტაციებს.

ფედერალური კრებისადმი მიმართვაში პუტინმა ახალ START-ში მონაწილეობის შეჩერება დაასაბუთა იმით, რომ ნატოს ქვეყნებს თითქოს სურთ, „სტრატეგიული მარცხი“ მიაყენონ რუსეთს.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქმე არ ეხება ხელშეკრულებიდან გასვლას, მაგრამ მასში დაბრუნების პირობად დაასახელა მასში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მონაწილეობაც, რასაც ეს ხელშეკრულება არ ითვალისწინებს.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი არ აპირებს ხელშეკრულებით დადგენილი ლიმიტების გადაჭარბებას და რომ საქმე პირველ რიგში ეხება ინსპექციებსა და კონსულტაციებზე უარს. მაგრამ პუტინის გამოსვლიდან არ არის ნათელი, რა იგულისხმა და რით განსხვავდება ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება მისი დატოვებისგან.

XS
SM
MD
LG