Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს - ჯანდაცვის სამინისტრო


ფოტო: ილუსტრაცია.
ფოტო: ილუსტრაცია.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები გამოვლინდა. კერძოდ, როგორც სამინისტრო განმარტავს, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს.

„წინასწარი შეფასებით, ფასების ერთდროულად გაზრდის პროცესში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, მაქსიმალური მოგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტო მზად არის მოკვლევის პროცესში ჩაერთოს. ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება", - აღნიშნავს ჯანდაცვის სამინისტრო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რეალურად, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ევროპულთან შედარებით, ბევრად იაფი ღირს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, თურქეთიდან მედიკამენტები პარალელური იმპორტით, გამარტივებული რეჟიმით შემოვიდა, რამაც საქართველოში წამლების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. აქედან გამომდინარე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ევროპულთან შედარებით, ბევრად იაფი ღირს. შესაბამისად, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, თურქული წამლების ფასის ხელოვნური ზრდა, მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან ეწინააღმდეგება სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, წამლებზე სამართლიანი ფასის დაწესების გზით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG