Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული კომპანიების 66% საქართველოში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა


რუსეთის მოქალაქეები ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში, 2022 წელი
რუსეთის მოქალაქეები ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში, 2022 წელი

საქართველოში სულ 22 400-მდე რუსული კომპანიაა რეგისტირებული. მათი 66%, ანუ 15 000-მდე ახალი ბიზნესი 2022 წელს, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად დარეგისტრირდა - მონაცემებს საერთაშორისო გამჭვირვალობა აქვეყნებს.

ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოში მსხვილი რუსული კომპანიები ძირითადად შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ, საშუალო და მცირე ზომის რუსულ კომპანიებს კი საქართველოში ძირითადად რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების ნაწილი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირებული, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიიჩნევს, რომ 2022 წლიდან რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის მატება, ცალსახად რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად.

2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.6% იყო, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3%-ს, ხოლო მაქსიმუმს - 9.9%-ს 2018 წელს აღწევდა. ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

TI-ი მიიჩნევს, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. გარდა ამისა, რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც წელსაც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია.

XS
SM
MD
LG