რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება შეუძლებელია, რის გამოც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ „სულ უფრო აგრესიულ საინფორმაციო თავდასხმებს აწარმოებს“ .
ამ კონტექსტში პუტინი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ შეეცდებიან რუსეთის გახლეჩას, რაშიც დასავლეთის ქვეყნების ფსონს „ნაციონალ-მოღალატეებზე“ გააკეთებენ.რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველა ვინ ამ გზას დაადგა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
21 თებერვალს ფედერალური ასამბლეისადმი თავის მიმართვის დიდი ნაწილი ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომს დაუთმო, რასაც კრემლი "სპეცოპერაციას" უწოდებს.
„ერთი წლის წინ ჩვენ ისტორიულ მიწებზე ადამიანების დაცვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და იმ საფრთხის ლიკვიდაციის მიზნით, რაც 2014 წლის გადატრიალების შემდეგ უკრაინაში ჩამოყალიბებული ნეონაცისტური რეჟიმიდან მომდინარეობდა, - მიღებული იქნა გადაწყვეტილება სპეციალური ოპერაციის ჩატარების შესახებ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ზედმიწევნით და თანამიმდევრულად გადავწყვეტთ ჩვენ წინაშე მდგარ ამოცანებს“, - განაცხადა ფედერალური ასამბლეისადმი თავის მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც „დასავლური ელიტა“ და „კიევის რეჟიმი“ დაადანაშაულა უკრაინაში მიმდინარე გამანადგურებელ ომში.
პუტინის მიმართვამდე ერთი დღით ადრე, კიევს მოულოდნელად ესტუმრა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომელმაც უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის დაფინასებას დაჰპირდა.
„პუტინის დამპყრობლური ომი მარცხდება. რუსეთის არმიამ დაკარგა იმ ტერიტორიის ნახევარი, რომელიც ადრე ჰქონდა ოკუპირებული. ახალგაზრდა ნიჭიერი რუსები გარბიან ქვეყნიდან, რადგან ვერ ხედავენ მომავალს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა და გაიმეორა, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეცდა, როდესაც დასავლეთის ქვეყნებში განხეთქილების შეტანასა და უკრაინის სისუსტეზე აკეთებდა გათვლას.
- 24 თებერვალს ერთი წელი სრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.
- უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე, რუსეთის არმია, უკრაინის დედაქალაქიდან ასობით კილომეტრზეა გადასროლილი, მთელი ძალებით ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე და ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკისა და შახტარსკის მიმართულებებით.
- აშშ-მა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად გაიღეს მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება, რაც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ახლა უკვე ტანკებსაც.
- კიევი გაზაფხულზე შეტევას გეგმავს და, ამავე დროს, მოსკოვის თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება. ამიტომ, იმედოვნებს, რომ შეძლებს კოლექტიური დასავლეთის დარწმუნებას, მიაწოდოს სამხედრო თვითმფრინავები, რაც უკრაინის არმიას შემდგომ წარმატებასა და რუსული მასობრივი თავდასხმის მოგერიებაში დაეხმარება.