ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა და უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა ირაკლი ზარქუამ დაადასტურა ცნობა, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კიევში მიიწვია. როგორც ზარქუამ აღნიშნა, მიწვევის მიუხედავად, მათ უარი თქვეს ვიზიტზე.
„ჩვენ დიახ, მიწვეული ვართ 24 თებერვალს [უკრაინაში], ჩვენი დელეგაციის, ასე ვთქვათ, გარკვეული პირები, თუმცა ჩვენ უარს ვამბობთ. უკრაინის მაღალჩინოსნები, როდესაც მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როდესაც პატიმარ სააკაშვილს არაერთი მძიმე ბრალდება აქვს და მისჯილი აქვს, ასევე, ევროპული სასამართლოს მხრიდან, პოლიტპატიმარს უწოდებენ, მე მგონია, რომ არ ტოვებს ეს დიპლომატიური, ასეთი ურთიერთობების სივრცეს, ჩემდა სამწუხაროდ", - უთხრა პარლამენტში მედიას ირაკლი ზარქუამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უარს ამბობს დაესწროს უკრაინის ომის წლისთავზე დაგეგმილ ღონისძიებას. ვიდეომიმართვაში, რომელიც ვაშაძემ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ უკრაინის რადას მოწვევის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობამ დამალა.
უკრაინის მიწვევასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე კითხვა დაუსვა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ. პაპუაშვილმა მას უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეუძლია მიმართონ უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფს, რადგან "საქართველოს პარლამენტი მოქმედებს სტრუქტურების მიხედვით, ყველა ყველა საკითხში არ არის ჩართული".
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის ერთი წლის განმავლობაში რუსეთი ბომბავს უკრაინაში არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებსაც.
უკრაინის მხრიდან ოფიციალური განცხადებები ან მოწოდებები საქართველოში ან საქართველოდან ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, კიევი, სხვა ქვეყნების მსგავსად, კონკრეტულ დახმარებას სთხოვდა საქართველოსაც და ეს თხოვნები მეტწილად უპასუხოდ დარჩა.
ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია; ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი, დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განასხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან.