Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულმა ოცნებამ" უკრაინის რადას ომის წლისთავზე ჩასვლაზე უარი უთხრა - გიორგი ვაშაძე


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი და საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უარს ამბობს დაესწროს უკრაინის ომის წლისთავზე დაგეგმილ ღონისძიებას. ვიდეომიმართვაში, რომელიც ვაშაძემ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ უკრაინის რადას მოწვევის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობამ დამალა.

"მოლდოვაში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფები და ეს წუთია, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ თურმე, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადასგან 24 თებერვალს, ომიდან ერთი წლის თავზე, საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა მიიღო და მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ მათ ინფორმაცია ყველას დაგვიმალეს", - აცხადებს ვაშაძე.

უკრაინის მიწვევასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე კითხვა დაუსვა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ. პაპუაშვილმა მას უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეუძლია მიმართონ უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფს, რადგან "საქართველოს პარლამენტი მოქმედებს სტრუქტურების მიხედვით, ყველა ყველა საკითხში არ არის ჩართული".

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუამ, დაადასტურა უკრაინის რადის მიწვევაზე უარი და განმარტა, რომ საქართველო დგას "უკრაინელი ხალხის გვერდით, ყველაფერს ვაკეთებთ ყველა დონეზე, ბევრმა ძლიერმა სახელმწიფომ, მათ შორის, ევროპულმა ვერ გაბედა ის, რაც საქართველომ გაბედა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ, როცა უკრაინის მაღალჩინოსნები ჩვენს ქვეყანას მოუწოდებენ, იქნებ მეორე ფრონტი გახსნათ, თქვენც შეგვეხიდოთ ამ მკვლელობებში ბავშვების და ა.შ. და შემდეგ დაამატეს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ბუნებრივია, ეს ურთიერთობა არ ტოვებს სივრცეს, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ".

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის ერთი წლის განმავლობაში რუსეთი ბომბავს უკრაინაში არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებსაც.

უკრაინის მხრიდან ოფიციალური განცხადებები ან მოწოდებები საქართველოში ან საქართველოდან ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, კიევი, სხვა ქვეყნების მსგავსად, კონკრეტულ დახმარებას სთხოვდა საქართველოსაც და ეს თხოვნები მეტწილად უპასუხოდ დარჩა.

ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია; ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი, დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განასხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან.

მასალა განახლდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარით.

XS
SM
MD
LG