Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორია ნულანდი: „მხარს ვუჭერთ უკრაინის დარტყმებს ყირიმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე“


ვიქტორია ნულანდი
ვიქტორია ნულანდი

აშშ-ი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს იმ სამხედრო ობიექტებს, რომლებიც რუსეთს აქვს განლაგებული ყირიმში და მხარს უჭერს უკრაინის მიერ მათზე მიტანილ იერიშებს, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა.

ნულანდის თანახმად, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა ნახევარკუნძული თავის სამხედრო პლაცდარმად გადააქცია, განლაგებული აქვს მასზე საბრძოლო ტექნიკა, შეიარაღების ბაზები და მართვის ცენტრები, რომლებიც ემუქრებიან და შემდგომშიც დაემუქრებიან უკრაინის უსაფრთხოებას მანამ, სანამ ისინი იქ იარსებებენ.

„ეს არის კანონიერი სამიზნე. უკრაინას მათზე მიაქვს იერიშები. და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. უკრაინა ვერასოდეს იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვიდრე ყირიმი, სულ მცირე, დემილიტარიზებული არ იქნება“, - აღნიშნა ნულანდმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აშშ-ი არასოდეს არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ტერიტორიად და მთელი ნახევარკუნძული, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, უკრაინას ეკუთვნის. მაგრამ ვიდრე ყირიმის დაბრუნების საკითხამდე მივლენ, უკრაინელმა სამხედროებმა, ნულანდის თქმით, აუცილებლად უნდა დაიბრუნონ მნიშვნელოვანი ტერიტორიები.


"ყირიმი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და როდესაც უკრაინა ყირიმს გაათავისუფლებს, შემდეგ ყველაფერი, რაც დონბასში ხდება, თავისით დალაგდება. ყირიმია კრიტიკული ნაწილი", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალმა ევროპაში, გენერალმა ბენ ჰოჯესმა.

ამერიკელი გენერლის თქმით, უკრაინა არასდროს იქნება უსაფრთხოდ, დაცული, ან ვერასდროს შეძლებს ეკონომიკის აღდგენას იქამდე, ვიდრე რუსეთს ყირიმი ოკუპირებული ექნება.

ჰოჯესის პროგნოზით, უკრაინა ყირიმს აგვისტოს ბოლოსთვის დაიბრუნებს; ხოლო ამისთვის დასავლეთმა კიევს დაპირებული იარაღი უნდა მიაწოდოს და სანქციებიც ძალაში დატოვოს. „უფრო ადრეც იქნებოდა [ყირიმის გათავისუფლება], შორი მოქმედების ზუსტი იარაღი რომ მიგვეწოდებინა“ , - დაწერა 2 იანვარს ტვიტერში გენარალმა ჰოჯესმა.

XS
SM
MD
LG