Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ შეესაბამება საერთაშორისო და შიდა სტანდარტებს - ომბუდსმენის აპარატი "ხალხის ძალის" კანონპროექტზე


საქართველოს პარლამენტის წევრები, მოძრაობა "ხალხის ძალა"
საქართველოს პარლამენტის წევრები, მოძრაობა "ხალხის ძალა"

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების, "ხალხის ძალის" შემუშავებული კანონპროექტი ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შიდა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან.

აპარატის განცხადებაში წერია:

  • "ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეფასებით, უფლებადამცველები ხშირად ხდებიან სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის კამპანიის ადრესატები, რაც, მათ შორის, შესაბამის ქვეყნებში „უცხოურ აგენტებად“ მათი გამოცხადებისთვის, საკანონმდებლო რეგულაციების მიღებაში შეიძლება გამოიხატოს";
  • "საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ამდაგვარად ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა ქმნის მათ მიმართ უნდობლობის, შიშის შემცველ და მტრულ ატმოსფეროს";
  • "ვენეციის კომისიის განმარტებით, ხსენებული ტერმინი აბრუნებს კომუნისტურ პერიოდში გამოყენებულ რიტორიკას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, აზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ აქტივობებს";
  • "ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებით ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტი“ შეიძლება ასოცირებულ იქნას „უცხოელ ჯაშუშთან“ და „მოღალატესთან“, რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში";
  • "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ამ ტერმინის გამოყენება გაერთიანების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა, რამდენადაც ქმნის განცდას, რომ შესაბამისი ორგანიზაციები უცხოურ კონტროლს ექვემდებარებიან";
  • "ვენეციის კომისიის შეფასებით, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენს აგრეთვე ორგანიზაციების აგენტებად რეგისტრაცია მათი თანხმობის გარეშე და ეს შესაძლებლობა კანონით არ უნდა იყოს დადგენილი".

ამავე განცხადებაში აღნისნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან უნგრეთის მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნია.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, რომ არ გამოდგება "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დამცველად, თუმცა მეორე მხრივ, ის აღნიშნავს, რომ "უფრო რბილია", ვიდრე "მისი ამერიკული ვარიანტი".

"ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

XS
SM
MD
LG