Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოფენის კურატორი გმობს მხატვრის გადაწყვეტილების გამო საქმის წარმოების დაწყებას ქურდობის მუხლით


გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ კურატორი და ხელოვნებათმცოდნე, ქეთი შავგულიძე, განცხადებით ეხმაურება 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში გახსნილი გამოფენის მონაწილე სანდრო სულაბერიძის მიერ საკუთარი ნამუშევრის ჩამოხსნისა და ამ ქმედების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ საქმის წარმოებას ქურდობის მუხლით.

ქეთი შავგულიძე კატეგორიულად გმობს მხატვრის გადაწყვეტილების გამო საქმის წარმოების დაწყებას ქურდობის მუხლით და მოუწოდებს ყველას, „ვისაც აქვს შესაძლებლობა ამ მოვლენებზე ზემოქმედების“, გადაკვალიფიცირდეს მუხლი:

„როგორც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, რომელსაც მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში და თავად ვასწავლი აქციონიზმის ისტორიას, ვთვლი, რომ ხელოვანის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი შენაძენია.

ჩემთვის, როგორც, პირველ რიგში, ლექტორისთვის, რომელიც აქციონიზმის ისტორიასა და ინსტიტუციური კრიტიკის მაგალითებს საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ ლექციებზე, მნიშვნელოვანია ყველა მოვლენის საგანმანათლებლო მხარე. ამ გამოფენაზე დაგეგმილი მქონდა საუბრების სერია, მაგრამ ახლა მთავარია გაკვეთილი მომავალი აქციების ავტორებისთვის, როგორ უნდა დაიგეგმოს ან თუნდაც წარიმართოს იმპროვიზირებული აქცია, რომ პოლიციის წინაშე არავის მოუწიოს პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში, სამწუხაროა, რომ მუზეუმის თანამშრომლებმა შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და პასუხისმგებლობა დაეკისრათ, როგორც ქალებს, რომლებიც სივრცეს უწევენ მეთვალყურეობას, ასევე დაცვის თანამშრომლებს. მათ მიიღეს გაფრთხილება, ხოლო დაცვის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმედი მაქვს, საზოგადოება გულთან ახლოს მიიტანს მათ მდგომარეობას და ისევე, როგორც მხატვარს, მათაც გამოუცხადებს სოლიდარობას. მეორე მხრივ კი, სანდრო გაიაზრებს პასუხისმგებლობას ამ ადამიანების წინაშე. მომავალ აქციონერებს კი მოვუწოდებ, რომ თავად დარჩნენ აქციის ადგილზე თუ ებრძვით სისტემას, ეცადეთ რომ ამ სისტემას არ ემსხვერპლონ ადამიანები. დავიცვათ და პატივი ვცეთ ადამიანის უფლებებს, სხვებს ნუ ჩავაბამთ პროცესში მათგან მიღებული თანხმობის გარეშე“.

გამოფენის კურატორი იტოვებს იმედს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს თავად სანდრო სულაბერიძეც, რომელსაც ამ დრომდე არაფერი უთქვამს მისი „პერფორმანსის“ შესახებ.

ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

მომხდარი ფაქტის გამო, იმავე დღეს, საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

მომხდარ ფაქტს 12 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ეროვნული გალერეის დირექტორი, მაცაცო გაბუნია და სანდრო სულაბერიძისგადაწყვეტილებას „ინფანტილური მავნებლობა“ უწოდა.

მისი თქმით, კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი და ამის შესახებ მან თავად განაცხადა პოლიციაში.

11 თებერვალს, გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილეებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც დაგმეს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაციების და ხელოვანების მიმართ "ანტაგონიზმი და რეპრესიები".

11 თებერვალს მსგავსი განცხადება, სადაც დაგმობილი იყო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, გაავრცელა საქართველოს პენცენტრმაც.

XS
SM
MD
LG