საქართველოს ნაკრების წევრი, მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში, რომელიც ЦСКА-ს [რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაწესებულება - რ.თ.] არენაზე გაიმართება.
რუსულმა მედიამ ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ მანამ დაწერა, სანამ ფიგურისტის გვარი ფესტივალის აფიშაზე გამოჩნდებოდა. ჯერ კიდევ 7 თებერვალს გუბანოვა ფესტივალის მონაწილეებს შორის არ იყო. იგი ვებსაიტზე გამოქვეყნებულ აფიშაზე 8 თებერვალს დაამატეს.
ფესტივალის ორგანიზატორი მოსკოვის სპორტის დეპარტამენტია.
რუსული წარმოშობის ფიგურისტმა ანასტასია გუბანოვამ საქართველოს ოქროს მედალი ფინეთში, ევროპის ჩემპიონატზე 28 იანვარს მოუტანა. რადიო თავისუფლებამ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს, მაკა გიორგობიანს ჰკითხა, რუსულ სამთავრობო ფესტივალში მონაწილეობა შეუშლის თუ არა გუბანოვას ხელს საქართველოს სახელით ასპარეზობაში ან შეიძლება თუ არა, რომ მას შეეხოს სანქციები, რომლებიც საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას აუკრძალავს. ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გვითხრა, რომ "არშემდგარ ფაქტზე კომენტარს არ გააკეთებს." მისი თქმით, “ანასტასია შეგნებული ადამიანია” და დარწმუნებულია, “ყველაფერს გაითვალისწინებს.”
რადიო თავისუფლებამ ანასტასია გუბანოვასაც მისწერა კითხვებით, როგორ აღმოჩნდა მისი გვარი აფიშაზე? მართლაც აპირებს თუ არა ფესტივალში მონაწილეობას? და თუ კი, რა არის მისი მოტივაცია? წერილზე პასუხი მასალის გამოქვეყნების მომენტში მიღებული არ გვაქვს.
ანასტასია გუბანოვა 2021 წლიდან არის საქართველოს ნაკრების წევრი. 20 წლის ანასტასია ოჯახთან - მშობლებთან და უმცროს და-ძმასთან - ერთად სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს და იქვე ვარჯიშობს. მისი მთავარი მწვრთნელი ევგენი რუკავიცინია.
განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ანასტასია გუბანოვა მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს, მედია კი ამ თემაზე ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოებაში ეჭვის გაჩენას და უკმაყოფილების გამოწვევას.
"ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონიძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია", - ნათქვამია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადებაში.
ფესტივალის ვებსაიტზე, მონაწილეთა ჩამონათვალში, ამ დრომდე მითითებულია ანასტაცია გუბანოვას გვარი.